“იმედზე“ დიდი ცვლილებების შემდეგ, როდესაც “რეაქცია“ და “იმედის კვირა” დაიხურა, საზოგადოებას აინტერესებს, კიდევ სხვა გადაცემებიც ხომ არ მოჰყვება შემცირებაში.
ინგა გრიგოლია საკუთარი გადაცემის დახურვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფასებს. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ლექვინაძემ “რეაქციის“ სეზონის ბოლო გადაცემის ნახვის შემდეგ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იმედოვნებდა, რომ ეს ზოგადად, ბოლო “რეაქცია“ იქნებოდა. როგორც მოგვიანებით, ინგა გრიგოლიას გულშემატკივრები წერდნენ, მას ეს ოცნება აუსრულდა.
ხელისუფლების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ფეისბუქის საშუალებით “იმედში“ მიმდინარე ცვლილებების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა: “ვფიქრობ, ასეთი კონკურენციის პირობებში, რაც წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გაღრმავდება, საკვირველი არ არის, რომ “იმედს“ იმ ნიშიდან უნდა გამოსვლა, რომელიც ჯაჯანიძისა და გრიგოლიას ისტერიკით აიკიდეს…“
დავინტერესდით, გია ჯაჯანიძის გადაცემასაც ხომ არ ემუქრება დახურვა და ტელეწამყვანს დავუკავშირდით.
გია ჯაჯანიძე:
ჩემი გადაცემა 17 სექტემბერს გავა ეთერში, უკვე სამსახურში ვარ და ვმუშაობ.
განსხვავებული სეზონი გექნება?
ჩემი აზრით, “სხვა რაკურსის“ ყველა გადაცემა ერთმანეთისგან განსხვავდება. ახლაც თვითონ გადაცემები იქნება გამორჩეული და არა სეზონი, სეზონების მიხედვით არ ვყოფ. “სხვა რაკურსი“ არ გაჩერდება, რადგან მგონია, რომ ძალიან ბევრი თემა არსებობს. სანამ გადაცემა იარსებებს, თემები არ გამოგველევა.
გია, “იმედში“ ცვლილებების შემდეგ, ხალხი შენი გადაცემის ბედითაც დაინტერესდა… გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ “იმედს“ ჯაჯანიძისა და გრიგოლიას ისტერიკის ნიშის დატოვება სურს.
პოლიტიკოსებმა იკითხონ, ჩემი გადაცემა თუ დაიხურება. მე ჩემი მოვჭამე უკვე. ახლა ვაკეთებ ისეთ გადაცემას, როც მაყურებელს უნდა. ერთსაც გეტყვი – ვთავაზობ გია ვოლსკის, ერთად გავიდეთ რაიონებში და ვნახოთ, ვის როგორ შეხვდებიან. მე გახლდით რაიონებში და ტაშის ცემით მხვდებოდნენ. ბატონ გიას კი დიდი სიყვარულით მოვეფერები და ვეტყვი, რომ ჩემს გადაცემაზე ნუ ინერვიულებს (იღიმის).