საქართველოში პოპულარობის მოპოვება ადვილია და შენარჩუნება რთულიო, ამას თავად ქართველი ცნობილი სახეები ამბობენ. მნიშვნელოვანია პრესასთან ურთიერთობა, კონკრეტული ამბებით საზოგადოებისთვის თავის შეხსენება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივად ტელეეკრანზე ყოფნა გახლავთ. ამ მხრივ გვყავს თავისებური რეკორდსმენებიც და სწორედ მათ ტოპ შვიდეულს გთავაზობთ Music Box-ი.
დუტა სხირტლაძე – ამ სახელითა და გვარით რომ არ გავხსნათ ათეული, ტელევიზიის ღმერთები არ გვაპატიებენ. დუტა “ვის უნდა 20 000“-დან მოყოლებული, ტელეეკრანს ამირანივით მიეჯაჭვა და წელი ისე არ გასულა, რომ ერთდროულად რამდენიმე პროექტში არ იყოს დაკავებული, ხან ტელეშოუ მიჰყავს, ხან ერთ-ერთი მონაწილეა, სერიალში თამაშობს, ან პარალელურად, ამ ყველაფრითაა დაკავებული. სიმართლეც ვთქვათ, რომ თავისი საქმე კარგად გამოსდის.
ვანო ჯავახიშვილი – თავის დროზე ვანომ იუმორისტული თოქ-შოუს წამყვანის პოსტზე დავით გოგიჩაიშვილი ჩაანაცვლა, როდესაც ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია რუსთავი დატოვა. მას შემდეგ ვანომ ტელეეკრანზე საკუთარი ადგილი მიისაკუთრა და წარმატებული შოუმენი გახდა.
ვანიკო თარხნიშვილი – ვანიკო თარხნიშვილის გამოჩენის შემდეგ გავიგეთ და დავინახეთ, რომ მუსიკალური და გასართობი ტელეშოუების წაყვანა, თურმე, დუტას გარდა, სხვა ადამიანსაც შესძლებია. ვანიკომ, ამის გარდა, მაყურებელს “ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟითაც დაამახსოვრა თავი და კიდევ, მუსიკალური კარიერაც წამოიწყო, რომელმაც “გამოუვალი მდგომარეობის“ სახელით დაიმკვიდრა თავი ქართულ შოუბიზნესში.
მაია ასათიანი – მაია ასათიანი ქართულ ტელევიზიის ერთ-ერთი სტაჟიანი სახეა. პირველი არხიდან მოყოლებული, მისი სახე ბევრ ტელევიზიაში ვიხილეთ, მათ შორის საკმაოდ ხანგრძლივად იმედში, სადაც “დროების“ დასამახსოვრებელ სიუჟეტებს აკეთებდა, შემდეგ მზეზე, “პროფილით“, რომელმაც მოგვიანებით რუსთავი 2-ზე გადაინაცვლა და აგერ უკვე მერამდენე სეზონია, რეიტინგის სათავეშია მოქცეული.
ნანუკა ჟორჟოლიანი – პოლიტიკური ჟურნალისტობიდან ყვითელი თოქ-შოუს წამყვანობამდე ნანუკამ საკმაოდ გრძელი და თავგადასავლებით სავსე გზა გაიარა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი თავგადასავლები ამით დასრულდა. ხან “კურიერის“, ხან “ნანუკას შოუს“ მიკროფონით, ტელეწამყვანი მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებს, ხან თავად ლაპარაკობს, ხან სხვებს ალაპარაკებს საკუთარი თავის შესახებ.
ინგა გრიგოლია – ინგა გრიგოლია პირველ არხზე საკუთარ თავს რომ იხსენებს, ყოველთვის ამბობს, რომ ეს ჩანაწერი აუცილებლად უნდა აჩვენონ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს იმის დასადასტურებლად, როგორი არ უნდა იყოს ტელეჟურნალისტის იმიჯი. ინგამ თითქმის ყველა არხი მოიარა, ყველგან პოლიტიკური გადაცემებით, დღეს კი, რა თქმა უნდა, მისი იმიჯიც სრულიად განსხვავებულია. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, ტემპერამენტი და ხმის ტემბრია, რომელიც მრავალი წელია, ამა თუ იმ არხიდან გვესმის.
ეკა ხოფერია – რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსობიდან საკუთარი ნებით წამოვიდა, იყო პოლიტიკური თოქ-შოუ იმედზე, შემდეგ კი მცირე პაუზა. ეკას ცხოვრებაში მალევე გაჩნდა საკუთარი ჟურნალი და შემდეგ თოქ-შოუ პირად თემებზე, რომელსაც დღემდე უძღვება. ეკას ცხოვრებაში თითქმის არ ყოფილა მომენტი, რომ ის ტელეეკრანიდან არ მისალმებოდა მაყურებელს.