თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში განსაკუთრებული საქველმოქმედო საიუბილეო საღამო გაიმართა.
მსოფლიო საოპერო ლეგენდა პლასიდო დომინგო პირველად წარდგა თბილისის ოპერის სცენაზე და ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო გალა-კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

„The Voice of Hope – Gagnidze 55“ – ასე ერქვა საღამოს, რომელმაც ერთ სცენაზე შეკრიბა საერთაშორისო საოპერო სამყაროს გამორჩეული წარმომადგენლები.
საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ პლასიდო დომინგო, სოპრანო ლიუდმილა მონასტირსკა, რამო გულედანი, მარიამ გაგნიძე და დავით ალადაშვილი. საღამოს დირიჟორობდნენ თავად პლასიდო დომინგო და ვასილ კოვალი.

ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა არა მხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობა, არამედ მისი საქველმოქმედო მიზანიც – კონცერტიდან მიღებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად იქნება მიმართული.
გიორგი გაგნიძე საერთაშორისო საოპერო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ბარიტონია. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაშია გამოსვლები ისეთ ცნობილ სცენებზე, როგორებიცაა ნიუ-იორკის Metropolitan Opera, მილანის La Scala, ვენის სახელმწიფო ოპერა, პარიზის ეროვნული ოპერა და ლონდონის სამეფო ოპერა.
55 წლის იუბილე მისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა – მშობლიურ ქალაქში, იმ თეატრში, სადაც მისი პროფესიული გზა დაიწყო, მსოფლიო საოპერო ლეგენდისა და კოლეგების გარემოცვაში.




