მალე „ჩემი ცოლის დაქალების“ მეოცე სატელევიზიო სეზონი განახლდება. როგორც მისი პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე „ზმნა“-სთან ინტერვიუში ამბობს, საყვარელი სერიალის დაბრუნებას, მაყურებელი ახალ წლამდე იხილავს.
– როდიდან იწყებთ გადაღებას?
– ეს უკვე კამპანიის ნაწილია. ჯერ დავტკბეთ იმით, რომ დაბრუნების ამბავი ვიცით. ნელ-ნელა გამოჩნდება ყველაფერი.
– წელს არ ველოდოთ?
– როგორ არა, აუცილებლად ახალ წლამდე.
– შემოქმედებითი ჯგუფის ძირითადი ბირთვი იგივეა?
– რა თქმა უნდა, რაღაც როტაცია მოხდება. ტექნიკურ ჯგუფში ძველი, გამოცდილი კადრებია, რომელსაც ვენდობით და ბევრი წელია ერთად მოვდივართ. სცენარისტი ქეთი დევდარიანია, რეჟისორი – გიორგი ლიფონავა. ქეთის და გიორგის გარეშე, ეს სერიალი არ არსებობს. ეს ადამიანები სერიალის არსებობის მთავარი პირობაა. ორი ჯგუფი იქნება, გვეყოლება მეორე რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე. სცენარისტი კი ერთი – განუმეორებელი ქეთი იქნება.
– მსახიობები?
– მსახიობების ღერძი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება. გვექნება სიახლეებიც. ხაზებში ვიღაც ძველი იქნება, ვიღაც – ახალი…
– ამასობაში მსახიობების ნაწილმა პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა. ცხადია, ისინი ვეღარ იქნებიან ჩცდ-ში.
– რომ გითხრათ, ჩვენ პოლიტიკურ გემოვნებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით-მეთქი, არა. ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში არასდროს ჯდებოდა გურანდა გაბუნია და კიდევ იყვნენ სხვებიც, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. ჩვენ ყურადღებას პროფესიულ მხარეს ვაქცევდით, პერსონაჟი რას ითხოვდა და ამ პერსონაჟის განხორციელება ვის შეეძლო კარგად. არც ახლა გავაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს, თუმცა ღირებულებით პლათფორმას, თუ სად დგას ადამიანი, რომელმაც უნდა შეასრულოს როლი, გარკვეული მნიშვნელობა აქვს.
სერიალი ღირებულებით პლათფორმაზე დგას, რომელიც პირდაპირ აშკარად პროდასავლურია, შედარებით ლიბერალური ღირებულებისკენ იხრება. აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცას ეს იდეურად არ აწყობს, თვითონ იტყვის უარს შეთავაზებაზე. თავაზობ, თუ ხედავ, რომ ეს ადამიანი მოუხდება ამა თუ იმ პროექტს. მხოლოდ პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვრცლად იხილეთ ლინკზე: zmna.ge




