21 მაისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა არქივმა ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გახსნა.
ღონისძიებას კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე დაესწრნენ. რეტროსპექტივა ივანე პერესტიანის ფილმით „სამი სიცოცხლე” (1924) დაიწყო.
„ეროვნული კინოცენტრისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნებას, აღდგენას და დაცვას, რასაც წლებია უკვე ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ვახორციელებთ. მოხარულები ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში შვიდი ფილმი, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდა და აღდგა, პირველად წარედგინება მაყურებელს“, – განაცხადა ლევან დვალმა, საქართველოს ეროვნული ცენტრის პროგრამების დირექტორმა
„წელს ეს პირველი რეტროსპექტივაა. ზუსტად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც მაყურებელს არ უნახავს – არც ქართველ კინომოყვარულებს, არც პროფესიონალებს.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად აღდგენილი ქართული უხმო კინოს შედევრების რეტროსპექტივას ვატარებთ.“ 4 დღის განმავლობაში ქართული კინოს მოყვარულებისთვის ნაჩვენები იქნება 1920-იანი წლების ქართული კინოს მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „წითელი ეშმაკუნები“ (ივანე პერესტიანი); „პირველი კორნეტი სტრეშნევი“ (მიხეილ ჭიაურელი და ეფიმ ძიგანი); „ბოშური სისხლი“ (ლევ პუში); ნათელა (ამო ბეკ-ნაზაროვი); „თეთრი მხედარი/ომის ღმერთი“ (ეფიმ ძიგანი); „მთის კანონი“ (ბორის მიხინი). აღნიშნული ფილმები რესტავრირებული სახით პირველად წარდგება ფართო აუდიტორიის წინაშე. ფილმების უმეტესობა დღემდე არ უნახავს არა მხოლოდ ფართო აუდიტორიას, ასევე კინომკვლევარებისა და კინოპროფესიონალების დიდ ნაწილსაც“, – აღნიშნა კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ.
ფილმების ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მიმდინარეობს და მასზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია. ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კინომემკვიდრეობაზე ზრუნვაა. აქედან გამომდინარე, რეტროსპექტივას, მაყურებლამდე ფილმების მიტანას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.




