ანესის „შავი ზღვისპირა ქვეყნების“ ფარგლებში გამართულ ანიმაციური პროექტების მეორე ვორქშოფზე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით წარდგენილმა ორმა ქართულმა ანიმაციურმა პროექტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ლინა აქულაშვილის პროექტი „ბიჭი და კარალიოკის ხე“ ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ბაზრობის (MIFA) ექსპერტებმა ვორქშოფის ხუთ საუკეთესო პროექტს შორის დაასახელეს.
სალომე კალანდარიშვილის პროექტი „მე მივეცი სიცოცხლე საკუთარ თავს“ საერთაშორისო ჟიურიმ სენტ-ქუირინის რეზიდენციით დააჯილდოვა. შერჩეული ხუთი პროექტი მონაწილეობას მიიღებს 2026 წლის MIFA Black Sea Partner Pitch ღონისძიებაში, რომელიც სტამბულში გაიმართება.

ვორქშოფის ფარგლებში სხვა მონაწილე პროექტებმაც მიიღეს საერთაშორისო რეზიდენციებსა და ფორუმებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვორქშოფი, რომელშიც შავი ზღვისპირა ქვეყნების ანიმატორები მონაწილეობდნენ, საერთაშორისო პარტნიორებისა და ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ბაზრობის (MIFA) მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსზე წარმოდგენილი 93 პროექტიდან საერთაშორისო ექსპერტებმა 12 პროექტი შეარჩიეს.






