„შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ჟურნალისტ ნინო ქაჯაიასთან პირველ ვრცელ ინტერვიუს გვთავაზობს.
ცნობილმა ჟურნალისტმა თავისი ცხოვრებიდან ტრაგიკული დღე გაიხსენა, როდესაც 26 წლის წინ, შვილის დაბადებიდან რამდენიმე დღეში შეატყობინეს, რომ გოგონა გარდაიცვალა.
„26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა, ანა რომელიც 26 წლის წინ სამწუხაროდ ექიმების დაუდევრობის გამო დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ეს არის ყველაზე საშინელება, რაც შეიძლება რომ ადამიანს, დედას დაემართოს, რომ შვილი აღარ ეყოლოს. მახსოვს, როცა მითხრეს (თავიდან არ მეუბნებოდნენ არაფერს, ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის) ყველაზე საშინელი წუთი, რაც შეიძლება, რომ ადამიანმა წარმოიდგინოს. ჩემთვის ეს იყო ყველაზე გადამწყვეტი წუთი ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვაფასებდი ცხოვრებას, ყოველთვის მადლიერი ვიყავი, ვიყავი ბედნიერი ადამიანი, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ ამას ვერ აცნობიერებ, გგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ჰოდა ეს ასე არ არის…
არასდროს არ იცი რა გელის, ამიტომ ყოველი წუთის მადლიერი უნდა იყო და ის ყველაფერი, რაც გგონია, რომ ეს არის ნორმა, არ არის ასე. ისეთი დაფასება უნდა ყველაფერს, ისეთი მადლიერება, რომ მიიღო რაც გაქვს…
თაიას გაჩენა ჩემთვის კიდევ უფრო ათასმაგად განსაკუთრებული და ბედნიერი იყო. თან ანას ნაწილია, ისიც რომ გიცოცხლდება რაღაცნაირად, თან ის, რომ ამის ღირსი გავხდი, რომ მე დედა ვარ, შვილი მყავს, ეს ყველაზე მაგარი რაღაცაა…
არ ვლაპარაკობ ხოლმე ამაზე, ძალიან მძიმე იყო, განსაკუთრებით მძიმე იყო, როდესაც ამას ქუჩაში მეკითხებოდნენ, უამრავი ადამიანი გულით მეკითხებოდა, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვისთვისაც ეს უბრალოდ სეირი იყო.
მეკითხებოდნენ – ბოლო-ბოლო რა დაემართაო… ეს ისეთი თემა იყო ჩემთვის, ამაზე არასდროს არ ვსაუბრობდი…“ – იხსენებს ჟურნალისტი.




