ლევან მდინარაძე, რომელსაც დიჯეი რემბოთი უფრო ვიცნობთ, ბათუმში წელს ყველაზე პოპულარულ კლუბს “სექტორ 26“-ს, საკუთარ სტაფთან ერთად ამუშავებს. ლაინ-აფიც მისი შედგენილია. კლუბში, რასაკვირველია, თავადაც ყოველ საღამოს უკრავს და დიდი ენთუზიაზმით აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ დგანან გრძელ რიგში კლუბში მოხვედრის მსურველები. ვკითხეთ, ყველაზე მეტად როგორი გართობა უყვართ დღეს ახალგაზრდებს.
დიჯეი რემბო:
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ივენთი მრავლად კეთდება, თუმცა თბილისში ცოტა კლუბია, სადაც ხალხი პაპსაზე გაერთობა. ძირითადად, ელექტრონულ მუსიკას უკრავენ, რაც თანდათან პოპულარული გახდა და ბევრი არტისტი იცის უკვე დღეს ხალხმა, ბევრიც ჩამოჰყავთ. მაგრამ როდესაც კლუბის ლაინ-აფს ვადგენდი, ჩემს ჯგუფთან ერთად, ყველაფერი გავითვალისწინეთ, წინა წლის გაყიდვები, როოგრც ჩვენი კლუბის, ასევე სხვა კლუბების, რომელ ივენთზე იყო უფრო მეტი ხალხი, ვნახეთ ბათუმის კლუბების პროგრამები, გარეკონცერტების ჩამონათვალი, დოლარის კურსიც და ტურისტების მოსალოდნელი ნაკადიც. თებერვლიდან ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი წინასწარ დავგეგმეთ და გეგმას მივყვებით.
რამდენიც უნდა ილაპარაკონ, დღეს მსოფლიოში პაპსაზე გართობა პირველ ადგილზეა.საქართველოც არაა გამონაკლისი. მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე სიტუაციის შექმნაც, ანუ ყველაფრის სწორად შეფუთვა.
რას უპასუხებ მათ, ვინც ამბობს, რემბო დიჯეი არ არისო?
არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ვინც ასე ამბობს, უცოდინარია. ყოველთვის, როცა ასეთ კრიტიკას ვისმენ, აუცილებლად ვკითხულობ, იციან თუ არა, რას ნიშნავს დიჯეობა და ვერ მპასუხობენ. მსოფლიოში ძალიან ბევრი დიჯეი უკრავს იმ სტილის მუსიკას, რასაც მე.
R’n’B-ის, რეპისა და პოპის გამო დავიწყე დაკვრა. დღეს თბილისშიც ბევრი უკრავს ასეთ მუსიკას, მაგრამ არ არის ასეთი პოპულარული, რადგან უნდა გიყვარდეს ის მუსიკა, რომელსაც უკრავ. ბევრიც ელექტრონულ მუსიკაში მუშაობს და ამ მხრივ ძალიან ბევრ ქვეყანას არ ჩამოუვარდებით.
ბერლინში, რომელიც კლუბური ცხოვრებითაა ცნობილი, ჩემნაირ მუსიკას უკრავენ, მაგრამ იქ კრიტიკა ნაკლებია, თუმცა არტისტს კრიტიკა არ უნდა აღიზიანებდეს და მეც ასე ვარ. ის კრიტიკოსები ბოლოს ისევ ჩემს ივენთებზე მოდიან და კმაყოფილები მიდიან. ერთი ბიჭია, რომელიც სულ მაკრიტიკებს, მაგრამ დადის ჩემთან. ერთხელ მთვრალს გოიმური სიმღერა ჩავურთე და იმაზეც კი ცეკვავდა. კლუბის გარეთ რას ილაპარაკებენ, არ მადარდებს (იღიმის).
გვითხარი დაუფიქრებლად შენი წარმატების 3 საიდუმლო…
(იღიმის) მუშაობა, დაგეგმვა, ფხიზლად ყოფნა.
კლუბში მუშაობისას?
კლუბში თუ სადმე სხვაგან, მუშაობის დროს სიფხიზლე მნიშვნელოვანია. ყველაფერს უნდა ვაკონტროლებდე. რაც ბათუმში ვარ, მხოლოდ ერთხელ მივიღე ალკოჰოლი.
დღეს რა საღამო გაქვთ?
Superman Lovers. ზუსტად დღეს დილის ექვსზე ჩამოვიდნენ და დავხვდით. გუშინ “გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტი გაიმართა. ეს ბიჭები ძალიან კარგად უკრავენ და მიუხედავად იმისა, რომ როკის ელემენტებია, მათ მუსიკას მაინც პაპსას დავარქმევდი.