23 მაისს კომპანია კლასიკური მუსიკა – საქართველოს რეგიონებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ რიგით მეორე კონცერტი გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: თამარ ლიჩელმა (პიანისტი), თემურაზ გუგუშვილმა (ტენორი), დავით ალადაშვილმა (პიანისტი), ლიზი რამიშვილმა (ჩელისტი), თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა”. შესრულდა ვაჟა აზარაშვილის სამი პიესა სიმებიანი ორკესტრისთვის: „კინტო“, „მოხეტიალე მუსიკოსი“, „სიმდი“, კონცერტი ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის; გია ყანჩელის – „პატარა დანელიადა“; სულხან ნასიძის – ლირიული თემა კინოფილმიდან „მთვარის მოტაცება”; კახა ცაბაძის მინი კონცერტი N1; ნინო ჯანჯღავას – „ზღვარი“ (პირველი შესრულება); დიმიტრი არაყიშვილის „ვარსკვლავიანსა ღამეს“; ვაჟა აზარაშვილის „მადლი შენს გამჩენს“; ანდრია ბალანჩივაძის „ოდესაც გიცქერ”. საორკესტრო ვერსიების ავტორი არჩილ გიორგობიანი.
24 მაისს ანალოგიური პროგრამით კონცერტი ქალაქ თელავში გადაინაცვლებს, სადაც თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში რიგით მესამე კონცერტი ჩატარდება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.

პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრები და მასტერკლასების ჩატარება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში კონსერვატორიაში გაიმართა.
საკონცერტო სერიების მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორები: ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

თამარ ლიჩელი – ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი, პიანისტი:
– ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ჩატარებას, ვინაიდან ეს პროექტი გულისხმობს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციას და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა კონცერტს თავისებური დატვირთვა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის განსხვავებულ პროგრამას ვთავაზობთ მსმენელს, 23 მაისს ჩატარებული კონცერტი გამოირჩეოდა იმით, რომ შედგა საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა, ეს გახლდათ ქალბატონი ნინო ჯანჯღავას კონცერტი “ზღვარი” ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, რომელიც მე შევასრულე არაჩვეულებრივ და ჩვენთვის ძალიან საყვარელ ორკესტრთან, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან “საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად. რა თქმა უნდა, ამ კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა იმანაც, რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსები მონაწილეობდნენ: ჩვენი სიამაყე, ბატონი თეიმურაზ გუგუშვილი, რომლის მონაწილეობაც ამ საღამოში დიდი პატივი იყო და ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი შემსრულებლები დავით ალადაშვილი და ლიზა რამიშვილი. ეს კონცერტი არ შედგებოდა, რომ არა “საქართველოს სინფონიეტა”, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და მათი რეპერტუარი ყოველთვის მრავალფეროვანია, მათი შესრულება ყოველთვის მაღალი საშემსრულებლო დონითა და პროფესიონალიზმით არის გამორჩეული. მომავალში ვგეგმავთ კიდევ არაერთ საინტერესო კონცერტს ამ პროექტის ფარგლებში და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს: საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, კომპოზიტორთა კავშირს და 23 მაისისთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც ჩვენთან ერთად გახლდათ ამ კონცერტის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი.

კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:
– მსგავსი კონცერტების ჩატარება უმნიშვნელოვანესია არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, იმიტომ რომ ქართული მუსიკის პოპულარიზაცია უმთავრესია. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქართველმა ერმა XX და XXI საუკუნეებში საკმაოდ ანგარიშგასაწევი ხელოვნება და მუსიკა შექმნა.
თეიმურაზ გუგუშვილი, ტენორი:
– ძალიან მიხარია, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იციან ქართველი კომპოზიტორების შემოქმედება და ქართული მუსიკა. უდიდესია ჩვენი კულტურა და მას ნამდვილად ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებაში. ბედნიერი ვარ, რომ ამ კონცერტების სერიაში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ეძღვნება.
გიორგი ქერელაშვილი, თბილისის კამერული ორკესტრის ,,საქართველოს სინფონიეტა” სამხატვრო ხელმძღვანელი:
– ძალიან კარგად ჩაიარა კონცერტმა, ორკესტრიცა და სოლისტებიც ბრწყინვალედ წარსდგნენ მსმენელის წინაშე. არაჩვვეულებრივი საკონცერტო პროგრამა შესრულდა და რაც მთავარია, პუბლიკა კმაყოფილი დარჩა. მონატრებულია მსმენელი ქართულ მუსიკას, არ სრულდება ძალიან ხშირად და ეს პროექტიც ზუსტად ამისთვისაა, რომ ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, თან სტიმული მისცეს ახალგაზრდა კომპოზიტორებსაც, რომ უფრო მეტი ნაწარმოები დაწერონ.
