1-3 მაისის ჩათვლით თბილისის 28-ე ჯაზფესტივალი იმართება. ღონისძიებებს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი მასპინძლობს.
წლევანდელი პროგრამა ტრადიციულად მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს.
ფესტივალი პირველ მაისს ამერიკელი საქსოფონისტისა და კომპოზიტორის, ლაკეშა ბენჯამინის კონცერტით გაიხსნა. მისი მუსიკა ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს აერთიანებს.

ლაკეშა ბენჯამინი – ამერიკელი საქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ხმითა და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. ის ჯაზის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

ლაკეშა ბენჯამენი იმ მუსიკოსებს მიეკუთვნება, რომელიც წარმატებით ახერხებს მუსიკის სხვადასხვა ჟანრის შერწყმას. მისი განსხვავებული სტილი მოიცავს ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს, გაბედული და ენერგიულია, რაც განასხვავებს მას სხვა არტისტებისგან.

ლაკეშა ბენჯამენი ხუთჯერ არის ნომინირებული გრემიზე, მათ შორის 2025 წელს. იგი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტივი უანდერი, არეტა ფრანკლინი და ალიშა კისი.
2 მაისს მსმენელის წინაშე გერმანელი მუსიკოსი თილ ბრონერი წარდგება.

თილ ბრონერი – გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერია. მისი კარიერა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებსა და კოლაბორაციებს, რამაც მას მუსიკალურ სამყაროში აღიარება მოუტანა. თილ ბრონერის მუსიკა გამოირჩევა ღრმა ემოციურობითა და ინოვაციური ჟღერადობით, რაც მას თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტად აქცევს. თილის მუსიკალური სტილი ჯაზის, პოპისა და ბოსა-ნოვას ელემენტებს აერთიანებს, რაც ქმნის უნიკალურ ჟღერადობას. იგი არა მხოლოდ ინსტრუმენტალისტია, არამედ ვოკალისტი და კომპოზიტორიც. ბრონერი თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან, მათ შორის დაიანა კროლთან, ჰერბი ჰენკოკთან და დეივ ბრუბეკთან. მისმა ნამუშევრებმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის Echo Jazz Awards. გარდა მუსიკისა, ბრონერი ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული და პერიოდულად აწყობს გამოფენებს.
თბილისის 28-ე ჯაზფესტივალი 3 მაისს სტივ კოლმანისა და მისი ბენდის კონცერტით დასრულდება.
სტივ კოლმანი – ამერიკელი ჯაზსაქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში ცნობილია თავისი ინოვაციური და ექსპერიმენტული მიდგომებითა და განსხვავებული მუსიკალური ენით, რომელსაც „მუსიკა აზროვნებისათვის” (Music for the Mind) ეწოდება. კოლმანმა და მისმა თანამოაზრეებმა 1980-იან წლებში შეიმუშავეს კონცეფცია M-Base. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური სტილი, არამედ ფუნდამენტური ფილოსოფიაა, რომელიც აერთიანებს რთულ რიტმულ სტრუქტურებს, იმპროვიზაციას, ფანკისა და აფრიკულ ელემენტებს, ასევე აბსტრაქტულ მუსიკალურ იდეებს. სტივ კოლმანის მუსიკას დიდი გავლენა აქვს მომავალი თაობების მუსიკოსებსა და მსმენელებზე, მისი ინოვაციური მიდგომა ჯაზის სამყაროში მუდმივად ახლებურად აღიქმება. სტივ კოლმანი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის გრემის.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯაზ საქსოფონისტის მუსიკა გამოირჩევა ფანკის, აფრიკული რიტმების, იმპროვიზაციის, ექსპერიმენტებისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზით.
თბილისის ჯაზფესტივალი სათავეს 1978 წლიდან იღებს და მას ორგანიზებას „ისთერნ ფრომოუშენი“ უწევს. წლების განმავლობაში ფესტივალმა არაერთ ლეგენდარულ მუსიკოსს უმასპინძლა, რის გამოც ის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კულტურულ ღონისძიებად მიიჩნევა.
თბილისის ჯაზფესტივალი წელს პირველად გაიმართება კოტე მარჯანიშვილის თეატრში.
აღსანიშნავია, რომ „ისთერნ ფრომოუშენის“ სტრატეგიის მიხედვით, ჯაზფესტივალების სერიას მთელი წელი ეთმობა. როგორც ერთგული მსმენელისათვის უკვე ცნობილია, ფესტივალები ამ ეტაპზე ტარდება თბილისში, კახეთსა და ბათუმში, სხვადასხვა სეზონის შესაბამისად.