2016 წლის აგვისტოში, ფესტივალ კუბანაზე ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე გამოვა. ამ ინფორმაციას თავად ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები: Garbage, NOFX, Enter Shikari, The Subways, The 69 Eyes, Guano Apes, Тараканы!, Воплi Вiдоплясова, Кирпичи და Ноггано.
ფესტივალი კუბანა რიგაში, კუნძულ ლუცავსალაზე 11 დან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 2009 წლიდან 2014 წლამდე ფესტივალი კრასნოდარში ტარდებოდა, 2015 წელს იყო მცდელობა კუბანა კალინინგრადის ოლქში გადაეტანათ, თუმცა ადგილობრივმა მთავრობამ ეს იდეა არ მოიწონა და ფესტივალის მათ ოლქში ჩატარებაზე უარი განაცხადა და მუსიკალურმა ღონისძიებამ ლატვიაში გადაინაცვლა.
არებობის რამდენიმე წლის მანძილზე კუბანას სცენაზე ცნობილი რუსი შემსრულებლების გარდა ისეთი უცხოური ჯგუფები გამოდიოდნენ როგორებიცაა : System of a Down, The Prodigy, Guano Apes, Korn, Infected Mushroom და Nouvelle Vague.
შეგახსენებთ რომ 77 წლის ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე საბჭოთა პერიოდში უზომოდ პოპულარული ანსამბლის ორერას წევრი იყო, მას ასევე შესრულებული აქვს უამრავი ცნობილი კინოროლი, ისეთ ფილმებში როგორებიცაა “არ დაიდარდო“, “მიმინო“, “დაკარგული ექსპედიცია“ და სხვა.
აქვე გეტყვით რომ ვახტანგ კიკაბიძეს 2008 წლის შემდეგრუსეთში კონცერტი აღარ ჩაუტარებია…