ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„წავიდა დიდი ქართველი არტისტი! დიდი ქართველი! ძალიან დიდი! ჩემი უფროსი მეგობარი!!!“ – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.
თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია;
1967-1972 წწ. რუსთავის თეატრის მსახიობი;
მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი,“ „დედა,“ „ღალატი,“ „თვალი პატიოსანი,“ „როცა ქალაქს სძინავს,“ „მე ვხედავ მზეს,“ „დღის წესრიგშია ერთი საკითხი,“ „კვაჭი კვაჭანტირაძე,“ „30 აგვისტო,“ „ჯორდანო ბრუნო,“ და სხვ.
1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.