„Art-გენის” თბილისის ტური სტარტს 20 ივლისიდან აიღებს.
მე-20 საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ფესტივალი მაყურებელს რამდენიმე სიახლეს ჰპირდება.
20 ივლისს „Art-გენს“ „სუხიშვილები“ გახსნიან.
მომდევნო დღეს, 21 ივლისს ფესტივალზე რობი კუხიანიძისა & Outsaiderის, CIRCUS MIRCUS -ის მოსმენა იქნება შესაძლებელი;
23 ივლისს „კახაბერი და ხანუმები“, ნინო ქათამაძე & INSIGT, პაპუნა შარიქაძე & ხონძი იზრუნებენ მაყურებლის განწყობაზე.
28 ივლისს ფესტივალზე მისულები – „თამადას“, 29 ივლისს კი GAGA FRANI-ს მოუსმენენ.
„Art-გენი“ 30 ივლისს, 2023 ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 20 წლის მანძილზე , „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.
ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ჩატარების ადგილებს.
წელს „Art-გენი“ 2023 რეგიონული ტურნეთი დაიწყო. ფესტივალი 1 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე, 7 ივლისს რუსთავში გაიმართა.
„Art-გენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სოლომონ გოგაშვილი დარწმუნებულია, რომ ფესტივალი კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს და მსმენელს გაახარებს.
„მეოცე „Art-გენი“ 20 ივლისს გაიხსნება და ვფიქრობ, გამორჩეული იქნება. იმდენად ვართ გადაჯაჭვული რეგიონებში მოქმედ ანსამბლებთან და თანამედროვე ნაწილთან, რომ „არტ- გენი“ ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა ვფიქრობ, რომ აღარ გაჩერდება, სანამ ძალა გვექნება. მომავალი თაობა აუცილებლად გააგრძელებს „Art-გენს“ ამაში დარწმუნებული ვარ.
33 ა, ნინო ქათამაძე, რობი კუხიანიძე – ესენი ჩვენი თანამგზავრები და 20 წლის მეგობრები არიან. გვყვანან ახალი, დებიუტანტი მონაწილეები, როგოცაა თამადა, კახაბერი და ხანუმები“ – ამბობს სოლომონ გოგაშვილი „Art-გენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
თბილისის მერიის წარმომადგენელი, ნინო სულაძე აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია უცვლელი მხარდამჭერია ფესტივალის და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„ფესტივალი „Art-გენი“ არის ერთ-ერთი თბილისის სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილია როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.
ფესტივალს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნებაში და მის ახალგაზრდა თაობებისთვის გადაცემაში. მერია წელსაც ტრადიციულად „Art-გენს“ მხარდამჭერია. ამ 20 წლის განმავლობაში მხარდამჭერი იყო და ვფიქრობთ, რომ ამ ერთგულებას ორივე მხრიდან გავაგრძელებთ.“ – აღნიშნავს ნინო სულაძე.
„Art-გენის“ დაარსების დღიდან რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მისი მედია პარტნიორია.
„ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „Art-გენს“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. სწორედ ამიტომ რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მოხარულია, რომ დაარსების დღიდან ფესტივალის მედიამხარდამჭერია“. – აღნიშნავს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“ პიარსამსახურის უფროსი თათა სადრაძე.
„Art-გენი“ 2023-ის თბილისის ტური ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება.