3 ივნისს „ლისი ივენთ ჰოლში“ ყველაზე გლამურული და მასშტაბური ღონისძიება – წვეულება wedding fair-ი გაიმართა.
წვეულება ქორწინების ერთგვარი პიარ-კამპანია იყო კომპანიების და ცნობილი სახეების – მსახიობების, მომღერლების, ტელეწამყვანების და სხვათა მონაწილეობით, რადგან სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე მეტი – დაახლოებით 15 ათასი განქორწინება დაფიქსირდა.
სწორედ ამ შემაშფოთებელმა მონაცემებმა გადააწყვეტინა ორგანიზატორებს „მარი გოლდთან“ ერთად აქციის მოწყობა, რომელშიც ცნობილი სახეები საქორწინო კაბებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
„პოდიუმი იმ ქალბატონების კაბების ჩვენებით გაიხსნა, რომელთაც ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება აქვთ და წარმოადგენენ თანამედროვე ქალის საუკეთესო მაგალითს. მათ შეძლეს, წარმატებული კარიერაც გაიკეთეს და ბედნიერი ოჯახიც შექმნეს“. – განაცხადა „მიუზიკბოქსთან“ საუბარში ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ტელეწამყვანმა თამთა კვარაცხელიამ.
წვეულებაზე დასწრება ვერ მოახერხა წვეულების ორგანიზატორმა, „მარი გოლდის“ დამფუძნებელმა თამარ ნადირაძემ.
როგორც თამარმა „მიუზიკბოქსთან“ საუბარში აღნიშნა, ამერიკაში იმყოფება, მაგრამ ამის მიუხედავად ღონისძიებას თვალს ადევნებდა და ბედნიერია, რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და ჩვენებამ დამსწრე საზოგადოების დადებითი ემოციები გამოიწვია.
„ეს დღე ჩემთვის ორმაგად ამაღელვებელი იყო, რადგან საქართველოდან ძალიან შორს, ამერიკაში ვიმყოფები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კოლექცია მქონდა ჩამოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ღამე იყო, როდესაც საქართველოში ეს ჩვენება მიმდინარეობდა, არ მეძინა და თვალს ვადევნებდი. ღონისძიება ამაღელვებელი იყო იმიტომაც, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიება პანდემიის შემდეგ აღარ ჩაგვიტარებია და ახლაც უჩემოდ ჩაიარა. მმართველობა ახალ თაობას გადავეცი. ახალი იდეები და ახალი შემართება ალბათ უფრო მეტს მოუტანს „მარი გოლდს“. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი ღონისძიებაზე დასწრება მაინც აუცილებელი და კარგი იქნებოდა. მეგობრები თბილისიდან მიგზავნიან ღონისძიების ფოტოებს და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩატარდა.
იმედი მაქვს, კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ მსგავსი ღონისძიებები კვლავ გავმართოთ თბილისში“. – აღნიშნა თამარ ნადირაძემ „მიუზიკბოქსთან“ საუბარში.
ღონისძიების დასასრულს წყვილის ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართა.
წყვილმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცა.