პლატონის ცნობილი ციტატა, რომ „მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას ფრთებს, შენს ფანტაზიებს ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი ყველაფერს“ ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალ „ღამის სერენადებთან“ თანხვედრაშია, რომელსაც კლასიკური მუსიკის საშუალებით, მაყურებლისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია. ფესტივალი აფხაზეთში, მევიოლინე ლიანა ისაკაძის ინიციატივით, 1982 წელს დაარსდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში იმართებოდა. ხოლო 1991 წლიდან ფესტივალს შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული, 2009 წლიდან კი „ღამის სერენადები“ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ისევ დაუბრუნდა და ის ყოველწლიურად ქალაქ ბათუმში იმართება. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება და უცვლელად ლიანა ისაკაძის და მისი ძმისშვილის გიორგი ისაკაძის ხელმძღვანელობით „ღამის სერენადები“ ბათუმში ჩატარდება. წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში კი ისეთი ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან: ალექსანდრე კორსანტია, ვახტანგ მაჭავარიანი, გია იაშვილი, გეზა ჰოსზუ-ლეგოცკი, სოფია ბოროსი, მარიო სტეფანო პიეტროდარჩი და იოსებ ბარდანაშვილი.