დღე ექსკლუზივებით, პოზიტიური განწყობით და დიდი მოლოდინით დაიწყო. წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების „ოქროს ტალღა 2018-ის“ სპეციალური სტუმარი გრემის ორგზის მფლობელი ამერიკელი მომღერალი ლიზა ფიშერი მედიასთან საკმაოდ გახსნილი და უშუალო აღმოჩნდა. აეროპორტში ჩამოფრენისთანავე მან პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება გადაწყვიტა და ინტერვიუზეც დაგვთანხმდა. ლეგენდარული მომღერალი საქართველოს მის მუსიკალურ დირექტორთან ჯეისი მეილარდთან ერთად ესტუმრა. 26 ივნისს კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლიზა ფიშერი გრანდიოზულ შოუს დაგვპირდა. სამახსოვრო ფოტოებისა და ინტერვიუს შემდეგ ოქროს ტალღის სპეციალური სტუმარი, სასტუმრო ამბასადორისკენ გაემგზავრა და ცოტახნით დაგვემშვიდობა. მეორე დღეს კი მას მუსკომედიის თეატრში შევხვდით, სადაც მან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოებისთვის, გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ქართველი ლეგენდის და ამერიკელი ლეგენდის მეგობრობა რამდენიმე წელს ითვლის, ამიტომაც მათი შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო.