ეკუნა ყანჩაველი ის ქართველი რეპერია, რომელიც კლიპებითა და ახალი სიმღერებით მსმენელს ხშირად ანებივრებს. თავად შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, ბავშვობის ოცნების ასრულება მაინც შეძლო და სიმღერები ჩაწერა. მსმენელს კი მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, არასდროს დანებდნენ, არ შეეშინდეთ სიახლეების და დაიმახსოვრონ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მის სიტყვებს ადასტურებს მისი ახალი კლიპი „Bom Bom”, რომლის პრეზენტაციაც 30 იანვარს გაიმართა. ეკუნას რიგით მეოთხე კლიპის ტრეკი პირველი სტუდიური ჩანაწერია. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დაბადების დღეზე მეგობარმა საჩუქარი გაუკეთა და სიმღერის ჩაწერისათვის საჭირო ხარჯები აუნაზღაურა. ჩაწერის დროს შემსრულებელი გრძნობდა, რომ თითქოს ეს მისთვის პირველი და ბოლო სიმღერა იყო, შესაბამისად მთლიანად დაიხარჯა და სამ წუთიან ქრონომეტრაჟში სათქმელი მაქსიმალურად ჩატია.