რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი საკმაოდ აქტიურია შემოქმედებითად და თაყვანისმცემლებს მუდმივად ანებივრებს ახალ-ახალი ნამუშევრებით. მისმა ბოლოდროინდელმა ჰიტმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კომპოზიციის სახელწოდებაა „დაგიკიდე“ და მისი მთავარი გმირი გოგონაა, რომელიც ბიჭს აღარ უყვარს. ამ სიმღერამ, როგორც მასტერის ბევრმა სხვა კომპოზიციამ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სიმღერაზე და ზოგადად, შემოქმედებით და პირად ამბებზე მასტერი fortuna.ge-ს ესაუბრა.
მასტერი:
ეს ტრეკი უბრალოდ დავწერე. რომ გითხრა, კონკრეტულად რომელიმე ჩემს ყოფილს ეძღვნება – არა. შეიძლება, ვინმე გამოვჩხრიკოთ და მივუძღვნათ (იცინის).
ისეთი გულწრფელი ტექსტია, რომ ყველას გვეგონა, კონკრეტული ადრესატი გყავდა, ძალიან ნაწყენი რომ არის ერთი ადამიანი მეორეზე და შურს რომ იძიებს, ასეთი…
რა ვიცი, შეიძლება… რაღაცით ხომ უნდა იყოს ტრეკი განპირობებული, ინსპირაცია უნდა ჰქონდეს.
ანუ არის ინსპირაცია?
კონკრეტული ადამიანი მართლა არ არის, თუმცა რომელიმე ყოფილი შეიძლება გავიხსენოთ. სხვათა შორის, ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ ბევრი სხვა კომპოზიცია მქონდა, რომელზეც ვიდეორგოლს გადავიღებდი და სიმღერა უბრალოდ დავდე. ხალხმა ხელი შეუწყო ამ სიმღერის პოპულარიზებას. იყო კომენტარები, როგორი დამწვარია, აუ, შენ კიდევ ვერავინ ნახეო… ალბათ, ერთი ექვსასმა ადამიანმა დააკომენტარა და მხოლოდ 12 ადამიანი მიხვდა, რომ ეს მარკეტინგული გათვლა იყო. კონკრეტულად არანაირი გულისწყვეტა არ მქონია, როცა ამ სიმღერას ვწერდი, სევდიან მინორს ნამდვილად ვერ ვგრძნობ. ახლა კიდევ ერთი ახალი სიმღერა გამოდის, იქ ძალიან მიყვარხარ, მიყვარხარ არის და სულ დაიბნევა ხალხი (იცინის).
გავიგეთ, რომ კარგი მარკეტოლოგი ხარ, მაგრამ ყველა შენი სიმღერა ჰიტდება და ცოტა შემთხვევითობაც და იღბალიც ხომ არ არის?
ყველაფერი შემთხვევით როგორ მოხდება?!. ხანდახან სიმღერაში არ ვამბობ იმას, რასაც მერე ადამიანები თავისებურად იგებენ. იყო კომენტარები, ამხელა ბიჭი ხარ და შენს ყოფილს როგორ ესაუბრები სიმღერების საშუალებითო. ისე დარწმუნებით ამბობდნენ, რომ ვიფიქრე, რამე ხომ არ იციან-მეთქი… უიკენდმა მიუძღვნა მთელი ალბომი თავის ყოფილ შეყვარებულს, ბელა ჰადიდს… მწერდნენ, თუ გკიდია, სიმღერას არ დაუწერდიო. მგონი, ხანდახან ავიწყდებათ ადამიანებს, რომ რეპერი ვარ. ხან დავწერ იმაზე, რომ ვიღაც მენატრება, ხან – რაღაცას გავაპროტესტებ, ხან გავრეპავ, რომ დიეტაზე ვარ… ემინემის სიმღერებს მოუსმინონ, რას უძღვნის კიმს, თავის ყოფილ ცოლს. მე, მაგალითად, არ ვარ ამისი მომხრე.
ხარ რეპერი, რომელიც სულ აქტუალურია. ამას როგორ ახერხებ? შენი მთავარი კოზირი რა არის?
გულწრფელობა, ჩემს ტრეკებს ეს ეტყობა, რომ ნამდვილია. ეტყობა, რომ ჩემს მსმენელს პატივს ვცემ. ყველა გრძნობს ამას. გათვლა არასდროს მქონია ტელევიზიაზე. საკუთარი ტელევიზია მაქვს, სოციალურ ქსელში. საქართველოში, ალბათ, ყველაზე უშუალო დამოკიდებულება, კონტაქტი და კომუნიკაცია მაქვს მსმენელთან. მეოთხე კლიპია, პირდაპირ ვაცხადებ კასტინგს და ჩემი მსმენელიდან ვარჩევ ადამიანებს, რომელთაც ჩემს ვიდეორგოლებში ვიღებ. სხვა მოტივაციაა, როცა იცი, რომ კლიპში იღებ ადამიანებს, რომელთაც უყვართ შენი შემოქმედება. მათთვისაც სტიმულია. რასაც ვამბობდი, ზოგადად, იმავე პრინციპებზე დავრჩი. ჩემი მიდგომები არ შემიცვლია. თუნდაც ის, რომ არ წავედი ისეთ შოუებში, სადაც თავიანთ პირად ცხოვრებაზე ჰყვებიან და ამას საჯაროს ხდიან.
გოგონების გარკვეულ კატეგორიას გული დასწყვიტე ახალი სიმღერით… რეალურად როგორი ტიპი ხარ ქალთან ურთიერთობაში?
რეალურად ჩემს ყოფილზე რომ დამეწერა ეს სიმღერა, ზუსტად ასე მოვიხსენიებდი…
ანუ ყოფილებს სულ კონფლიქტებით შორდები?
არა, არა… ხშირად, მართალიც რომ ვიყო, შეიძლება, ადამიანს არ ვუპასუხო. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე ურთიერთობის შენარჩუნებას. არ ვფიქრობ, რომ ამ სიმღერაში რაიმე შეურაცხმყოფელს ვამბობ და ქალებს შეურაცხყოფას ვაყენებ.