გარდაცვლილი ტრანსგენდერის, ბიანკა შიგუროვას ტრაგიკული ცხოვრება – “მე მასში ადამიანი დავინახე…“

0
84

ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გაზით მოწამვლაა. სოციალურ ქსელში ამ სამწუხარო შემთხვევას ფოტოგრაფი გურამ მურადოვი ვრცელი ემოციური პოსტით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

Bianka Shigurova

“ზოგადად არ მიყვარს ხოლმე მსგავსი პოსტების წერა ასეთ თემებზე, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა.

ძალიან გული დამწყდა, როცა Facebook-კის გახსნისას, პირველი ნიუსი ბიანკას გარდაცვალება იყო. მე ჩემი საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი, თუ რა სირთულეების გადალახვა უწევდა მას ყოველ დღე. კარგად მახსოვს ამ ფოტოს გადაღების დღე, მე და იანამ ბიანკას სახლში მივაკითხეთ ტაქსით, ბუხაიძის ქუჩაზე. მაშინ იქ ცხოვრობდა. იტალიური ეზოს ერთ-ერთ პატარა ოთახში, სხვა ოთხ ადამიანთან ერთად. როცა ჭიშკრიდან ფეხი გადმოდგა და ჩვენკენ წამოვიდა, იქვე სვეცკად მისი ორი მეზობელი ბებო იჯდა. არასდროს დამავიწყდება მათი რეაქცია როცა ბიანკა დაინახეს. ყველანაირი ქალობა და ადამიანობა დაივიწყეს და კივილ–წივილით გამოაცილეს ტაქსამდე. 30 წამში, სანამ ბიანკა მანქანაში ჩაჯდა, მიწაში ბევრჯერ ჩადეს, ამოიღეს, შეაფურთხეს და ისევ ჩადეს. შეიძლება, სექსისტურად ჟღერდეს, მაგრამ ქალმა რომ არ უნდა იკადროს, ისეთ სიტყვებს ისროდნენ მისი მისამართით. მე ძალიან გამიკვირდა, ავნერვიულდი. კანკალიც კი ამიტყდა და ხელები გამიცივდა, როცა ბიანკას სახეს შევხედე იმ მომენტში. შერცხვა, ფერი დაკარგა, ნერვიულად კაბას ისწორებდა და თან მე და იანას გვიყურებდა გაფართოებული თვალებით.

როდესაც გადაღება შევთავაზე, ძალიან გაეხარდა. ძალიან მოწონდა გადაღებები, ეს მის პროფაილზე ფოტოების რაოდენობაც ადასტურებს. რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ დამირეკა, ძალიან ბევრი მომწერა, ღამის 4-ზეც კი მოუწერია და მეკითხებოდა, თმა როგორ დაევარცხნა, რა ჩაეცვა და ა.შ. ანუ ძალიან ძალიან დიდი მონდომებით და სიხარულით ემზადებოდა, და გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე ის იდიოტი ორი ბებო დაესია, ზუსტად ვხვდები, როგორ ეტკინა გული.

როდესაც მანქანა დაიძრა, ჩუმად ვიჯექი. რატომღაც მე მრცხვენოდა იმ ორი ქალის არამსგავსის მაგივრად. ყველანაირად ვეცადე, რომ გადამეტანა თემა და გადაღებაზე ველაპარაკებოდი ძირითადად. მივედით დანიშნულების ადგილამდე და სანამ გადაღებას დავიწყებდით, ყავას ვსვამდით და ბიანკა ყვებოდა საკუთარ თავზე. ყველაზე მეტად რამაც დამშოკა, იყო ის, რომ ბიანკა საკმაოდ ძლიერი ქალი აღმოჩნდა. ყოველღე მიწევს ამ სიბინძურეების მოსმენა ჩემი მისამართითო. მერე თავისი სოფლის ისტორიებიც მოყვა. ისიც, დედამისმა როგორ გაუტეხა ცხვირი და სახლიდან გადგა. მერე თავის გეგმებზე მოგვიყვა. გვითხრა, რომ ძალიან უნდა პოპულარობა და სამწუხაროდ, იმ გზით ვერ ახერხებს იმ პოპულარობის მოპოვებას, რითაც უნდოდა – “მსახიობი მინდა ვიყოო“.

სამწუხაროდ, ის თავის ოცნებას ვეღარ გაეკიდება, რაც გულზე მხვდება. ერთადერთი ის მიხარია, რომ მან მოასწრო ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “მკერდი მინდა მქონდესო“, ამბობდა და აისრულა კიდეც.

საერთოდ არ მაინტერესებს ,თუ რას საქმიანობდა ბიანკა. საერთოდ არ მაინტერესებს ისიც, რომ, რასაც ის აკეთებდა, ბრბოსთვის მიუღებელი და ამორალური იყო. მე მასში ადამიანი დავინახე. ქალი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად იბრძოდა და თავს არასდროს ხრიდა. ითმენდა ბევრ ბოღმას, შეურაცხყოფასა და გულის ტკივილს. ადამიანი რომელიც თავის დაზე და ბებიაზე ზრუნავდა… ძალიან, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ის ადამიანი აღარ არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც არის იქ, სადაც მას ღიმილით ხვდებიან და სადაც მისი სურვილები ასრულდება“. – წერს გურამ მურადოვი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here