ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ახლაც ელოდება ნამდვილ სიყვარულს. შეგახსენებთ, რომ მომღერლის მეორე ქორწინება გარკვეული პერიოდის წინ დასრულდა.
ცისანა სეფიაშვილი:
„როცა გრძნობ, რომ სიყვარული გაცვდა და არასაკმარისია, იქ აუცილებლად უნდა დაისვას წერტილი. ეს ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული, ერთ დღეშიც არ წყდება, უამრავი ძაფი უნდა გადაიჭრას, ბევრი უძილო ღამე უნდა გამოიარო, მაგრამ უმჯობესია, დაამთავრო…
როცა ჩემს მშობლებს ვუყურებდი, ყოველთვის ვნატრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილიყო ადამიანი, ვისაც შეეძლებოდა მამაჩემის მსგავსი სიყვარული, ვინც მიერთგულებდა და მეც ისეთივე სიყვარულითა და ერთგულებით ვუპასუხებდი სიცოცხლის ბოლომდე. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ოცნებებში წარმოგვიდგენია. რეალური ცხოვრება ბევრად უფრო რთული და უსიამოვნო სიურპრიზებსაც გვთავაზობს. მე დღემდე ვნატრობ ნამდვილ, გულწრფელ, განუმეორებელ სიყვარულთან შეხვედრას…“
„სარკის“ ჟურნალისტმა მომღერალს ასეთი კითხვა დაუსვა:
„თუ გულის სიღრმეში გრძნობდით, რომ ოჯახის შენარჩუნება არ მოხერხდებოდა, რატომ არ მოხდა ეს პირველი ან მეორე შვილის შემდეგ?“.
მომღერალმა შეკითხვას ამგვარად უპასუხა:
„თქვენ, ან ვინმე ფიქრობთ, რომ მე შვილები ოჯახის შესანარჩუნებლად გავაჩინე?!. არა და არა!. საერთოდ არ მესმის იმ ქალების, ვინც შვილს აჩენს იმისთვის, რომ ქმრები ოჯახში დააბან. შვილები გავაჩინე ჩემთვის და ერთმანეთისთვის. ეს არის ყველაზე კარგი, რაც ცხოვრებაში გავაკეთე. ჩემს შვილებს ჰყავთ შესანიშნავი მამები, აქვთ საუკეთესო ურთიერთობა…“
შეგახსენებთ, რომ ცისანა სეფიაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი – სამი შვილი.