ციცი ფალავანდიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, თუ რა მძიმე დღეები გამოიარა მისმა ოჯახმა და განსაკუთრებულად, მისმა ვაჟმა, გიგი დედალამაზიშვილმა, როდესაც კორონავირუსს ებრძოდა.
ციციმ აღნიშნა, რომ ახლახან აცრა გაიკეთა სწორედ იმიტომ, რომ კორონავირუსის ნამდვილი სივერაგე საკუთარი ოჯახის წევრზე გამოსცადა:
„ოჯახისა და მეგობრების რჩევა გათვალისწინებულია. ძალიან ვორჭოფობდი, ამეცრა თუ არა, მაგრამ როდესაც რეალურად შეეხო ჩემს გიგის ეს ვერაგი კორონა, ოჯახის წევრების და ჩემი მეგობრების საუბარმა გაჭრა ავიცერი „სინოფარმით“. ახლა კორონას ეშინოდეს ჩემი… მწარედ შევეჯახე ამ ვერაგ კორონას. გიგის ჰქონდა საკმაოდ რთულ ფორმაში, შემდეგ ნინიმ ჯერ გია და მამუკა წაიყვანა აცრაზე, მერე ჩემზე გადმოვიდა და ავიცერი დღეს, მარინა აიცრა, არავის ვუსურვებ იმ ნერვიულობას, რაც მე გადავიტანე…“
fortuna.ge ციცი ფალავანდიშვილს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ციცი ფალავანდიშვილი:
არჩევანი აცრაზე გავაკეთე. გიორგობა დღე მივუძღვენი ჩემს თავს. ვერ გეტყვით, რომ მაინდამაინც ფანი ვიყავი ვაქცინაციის. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, რომ მე არ შემეყრებოდა. ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ, პირბადეს ვატარებ და ა.შ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გიგის დაემართა, სერიოზულად შემეშინდა… იმის მერეც, რაც ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა გამოიარეს. ნინიმ მთხოვა ძალიან, გიგიმაც. ნინიმ თავად ჩამწერა. ჩვენი ოჯახის წევრებიც აიცრნენ იმისთვის, რომ ჩვენი თავიც გადავარჩინოთ და გარშემო მყოფებიც.