ნუცა ბუზალაძეს პანდემია აშკარად არ აშინებს. ის ახლახან მეორედ გახდა რუსული მუსიკალური შოუს „ყველა ერთად“ მონაწილე და ჟიურის ასივე წევრის ქულები დაიმსახურა.
გარდა ამისა, მომღერალი ახლახან ალბანეთში იმყოფებოდა, სადაც საერტაშორისო ფესტივალის მონაწილე გახდა და პროფესიონალების გუნდთან ერთად იმუშავა. ნუცამ ფესტივალზე მიშო სულუხიას დაწერილი სიმღერა შეასრულა. ალბანეთში კიდევ დაბრუნდება საინტერსო გეგმების განსახორციელებლად, რომელთა შესახებაც fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა.
ნუცა, რატომ გადაწყვიტე რუსულ მუსიკალურ შოუში „ყველა ერთად“ მეორედ მონაწილეობა?
ნუცა ბუზალაძე:
რუსული მუსიკალური პროექტიდან დამიკავშირდა პროდიუსერი და მითხრა, რომ მთავარი პროდიუსერის დავალებით, დაუშვეს პრეცედენტი ჩემთვის და ხელმეორედ შეძლებ პროექტში მონაწილეობასო. ეს არსად ხდება. სხვა მონაწილეებს არ შეუძლიათ, რომ პროექტში დაბრუნდნენ. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ ასეთი პრეცედენტი დაუშვეს ჩემთვის. სხვათა შორის, ეგრევე არ მიმიღია გადაწყვეტილება. ვიფქრობდი და მეშინოდა, რომ უსამართლოდ მომექცეოდნენ. ახლა რომ გამოვიდე, რა გავაკეთო ისეთი, რომ ასი ადამიანი აღვაფრთოვანო-მეთქი. ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს, ჟანრიც განსხვავებულია, ზოგი მომღერალია, ზოგი – პროდიუსერი. ვნერვიულობდი…
იმის გამო, რომ ჩემი თავის ძალიან მჯერა და ვიცოდი, რომ რაღაცას ისეთს გავაკეთებდი, რითაც ჟიურისა და მაყურებელს აღვაფრთოვანებდი, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. წინა სეზონზე პროექტს კორონა დაემთხვა და ახლა უკვე ასმაგად დამიბრუნდა შესაძლებლობები, უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შემიძლია და უკვე ვაკეთებ კიდეც.