გელა გნოლიძის ბენდის წევრი, ბაბი კირკიტაძე მსახიობი და მომღერალია, მაგრამ ყველაზე მეტად ცეკვა უყვარს. ბენდის პოპულარობის ზრდის კვალდაკვალ, მისი პოპულარობაც იზრდება. ახლახან „სიცრუის დეტექტორში“ გაამხილა, რომ შეყვარებულია, მაგრამ მეტი ამ თემაზე არაფერი უთქვამს. რატომ არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, რა კომპლექსები აქვს და როგორ აღიქვამს საკუთარ სილამაზეს…
ბევრი პოპულარული გოგონა კიდევ უფრო მეტ პოპულარობას აღწევს პირადის წინ წამოწევით…
ბაბი კირკიტაძე:
მე არასდროს მიყვარდა ამ თემაზე საუბარი. სამეგობრო წრეშიც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, ვისთანაც ჩემს პირად თემებს განვიხილავ. ვუფრთხილდები და ვუფრთხი ამ თემას. რამდენადაც დაკვირვებული ვარ, ყვითელი თემები კი ხდის ადამიანს უფრო პოპულარულს, მაგრამ მერე მიდის კითხვების დასმა, განხილვა, გარჩევა და ჭორაობა. აძლევ საშუალებას, რომ ჩაერიონ შენს ცხოვრებაში. სხვებზე დაკვირვებით, პირდაპირ ავკრძალე ამ თემის განხილვა. მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის, რომ ჩაკეტილი ადამიანი ვარ. პირიქით. ძალიან გახსნილი ვარ და ადამიანებთან კომუნიკაციას მარტივად ვამყარებ. ოჯახი, პირადი ჩემი კომფორტზონაა უბრალოდ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ისეთი პირადი ცხოვრება მაქვს, რომ აუ…
როდისმე კომპლექსი გაგჩენია პოპულარობის გამო პირად ურთიერთობებში?
ზოგადად, მაქვს კომპლექსები, თუმცა ეს შეიძლება, არ ჩანს. სკოლის პერიოდშიც, მახსოვს, ძალიან მორცხვი ვიყავი ამ ამბავში. შეყვარებულობანა არასდროს მქონია.
საკუთარი სილამაზის აღქმა როდის დაიწყე?
მიუხედავად იმისა, რომ წონის პრობლემა მქონდა და დედა სულ მეკამათებოდა ამ თემაზე, მაინც ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ლამაზი ვიყავი. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ კარგი გარეგნობა მქონდა. საკუთარი თავი მომწონს. როცა შევხედავ ხოლმე ჩემს თავს სარკეში, მით უმეტეს, როცა სატელევიზიოდ ვიპრანჭები, მომწონს ხოლმე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესი არ შეიძლება, რა თქმა უნდა…