2016 წლის “ევროვიზიისთვის“ საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში “პირველ არხზე“100-ზე მეტი განაცხადი შევიდა, საბოლოოდ ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფმა ალტერნატიული ინდი როკის ჟანრში შექმნილი ხუთი კომპოზიცია შეარჩია, რომლის სატელევიზიო გადაღებაც კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში გაიმართება.
სპეციალურად “ევროვიზიისთვის“ დაწერილი 5 სიმღერის პრეზენტაცია “პირველი არხის“ გადაცემაში “კომუნიკატორი“ 3 თებერვალს შედგება.
4 დან 15 თებერვლამდე ხუთიდან ერთს მაყურებელი და საერთაშორისო ჟიური შეარჩევს, თანაფარდობით 50/50%. ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასო იქნება. სიმღერები ასევე განთავსდება ინტერნეტსივრცეში, სადაც ხმის მიცემის საშუალება ყველა მსურველს ექნება.
თუ რომელი სიმღერით წარდგება ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz “ევროვიზიის“ 61-ე კონკურსზე, ცნობილი15 თებერვალს “კომუნიკატორის“ ეთერში გახდება.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში იმღერებენ.