ილო ბეროშვილი, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი „მთავარი ბიჭები“ არიან. გადაცემის იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის, მანვე შეკრიბა წამყვანების სწორედ ეს შემადგენლობა, რომელთაც ერთნაირი გემოვნება აქვთ და ფორმატზეც მარტივად ჩამოყალიბდნენ. ბიჭები მიიჩნევენ, რომ მათგან ნათქვამ ხუმრობას რესპონდენტი არასდროს აღიქვამს შეურაცხმყოფელად, რადგან თავად ასეთი განზრახვა არასდროს აქვთ. ბიჭების მიზანია, იხუმრონ ისე, რომ არავინ გაანაწყენონ, თუმცა ეს ხუმრობა უნდა იყოს აქტუალური, საინტერესო და რაც მთავარია, სახალისო. გადაცემაც ასეთია. წამყვანები საკუთარ უნარებს იყენებენ, რომ მაყურებელი გაახალისონ, ჰყვებიან ამბებს საკუთარი თავების შესახებ და ფიქრობენ, რომ სიყალბე მათ გადაცემაში არ არის.
ვიცი, რომ საკმაოდ ინერვიულეთ შოუს ეთერში გასვლის წინ…
ვანიკო:
რაც უნდა გამოცდილება გქონდეს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერში მაგარი ხარ და ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებ?!. პირველი წარდგენა მაყურებელთან ყოველთვის რთულია. ჩემთვის, პირადად, სწორედ ეს იყო სანერვიულო.
ილო:
ჩვენი ნერვიულობის მიზეზი იყო პროფესიონალიზმი და კიდევ ის, რომ ადამიანები ვართ. ადამიანებს ახასიათებთ ღელვა, მით უმეტეს, როცა საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებენ. ღელვა ნებისმიერი საქმიანობის თანმდევია.
ნიკა:
მე ნერვიულობას ვერ დავარქმევ, უბრალოდ, მოჭარბებული ემოციები გვქონდა. ყველაზე მეტი ინტერესია პირველი ეთერის შემდეგ. ჩაწერაზე მეტად ეთერში გასვლის შემდეგ უფრო ვნერვიულობდით. ეს შოუ ეთერში, გარკვეული მიზეზების გამო, რეპეტიციისა და საპილოტე ჩანაწერების გარეშე გავუშვით. შოუ უფრო ადრეც უნდა დაგვეწყო, მაგრამ კორონამ ხელი შეგვიშალა. როგორც კი გამოჩნდა შანსი, რომ ეთერში შევსულიყავით, შევედით პირდაპირში. ეს რისკია, ან გაამართლებს, ან – არა, მაგრამ პირდაპირი ეთერი თუ გაამართლებს, წინააღმდეგობები და დაბრკოლებები გადალახულია. კარგი გამოხმაურებების მიღებამ დაგვარწმუნა, რომ სწორი გზა ავირჩიეთ. მეორე შოუ, ჩემი აზრით, პირველს ჯობდა საყურებლად.