„თბილისი ოფენ ეარი“ 2021 წლამდე გადაიდო

0
820

„თბილისი ოფენ ეარი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც  აღნიშნულია, რომ მუსიკალური ღონისძიება 2021 წლამდე გადაიდო. გთავაზობთ სტატუსს სრულად:

„ალბათ, ყველა თქვენგანმა, ვინც წლებია ოფენ ეარზე დადიხართ, იცით, თუ როგორ გვიმძიმს ახლა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე დარწმუნებით გვიწევს, გითხრათ, რომ 2020 წელი Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის.

ჩვენი ფესტივალის დაარსების დღიდან მოყოლებული, ამ 11 წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ისთვის თითქმის არც ერთი წელი ყოფილა სირთულეებისა და გამოწვევების გარეშე. მეტიც, რამდენჯერმე ფესტივალის ჩატარება-არჩატარების საკითხიც კი დამდგარა. ყოველ წელს ჩვენ ამ სირთულეებზე თქვენთან ერთად ვიმარჯვებდით და წინ მივიწევდით. სამწუხაროდ, 2020 წელი უკვე ნამდვილად აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ ისეთი თავისუფლები, როგორებიც ყოველწლიურად ვართ ხოლმე Tbilisi Open Air-ზე. ეს შეგრძნება თავისუფლებისა ჩვენს ცნობიერებაში Music Breaks Free სლოგანადაა ამოტვიფრული და არნახულ ძალასა და სტიმულს გვაძლევს. როდესაც ყოველ წელს თქვენთან ერთად სცენის წინ ვდგავართ, ვხვდებით, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, ამ საქმეს თავს ვერასდროს დავანებებთ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ, ფესტივალის ორგანიზატორები, უამრავ ადამიანთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა გზა, რომლის საშუალებითაც ამ გადაწყვეტილების მიღება აღარ მოგვიწევდა. ვეცნობოდით ყველა მასალას და პროგნოზს, ვამუშავებდით ადგილობრივ და გლობალურ რეგულაციებს, ვაწარმოებდით კონსულტაციებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას ადგილობრივი და უცხოური ფესტივალების წარმომადგენლებთან, ვესაუბრებოდით ჩვენს არტისტებსა და კოლეგებს.

მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფესტივალის დამსწრეები, ჩვენი არტისტები, პარტნიორები, სპონსორები, ვენდორები, სტაფი, მოხალისეები და მთელი ის უზარმაზარი ჩემპიონთა ოჯახი, რომლის ერთობაც ქმნის ფესტივალს – ბუნებრივია, ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაიგებენ ამ პოზიციას და გვერდით დაგვიდგებიან. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს და 2021 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც წლევანდელ იმედგაცრუებასა და ორწლიან მოლოდინს სრულიად აანაზღაურებს. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენ უკვე დავიწყეთ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარღვევთ ტრადიციას და 2021 წლის ფესტივალის თარიღებს ახლავე ვაცხადებთ: Tbilisi Open Air 2021 ჩატარდება 25-26-27 ივნისს. მოვახერხეთ მოლაპარაკება ჩვენი წლევანდელი უცხოელი ჰედლაინერების უმეტესობასთან და უკვე შეგვიძლია გითხრათ, რომ ლაინაფში გაისადაც გვეყოლება:

  • Polo & Pan, LP, She Wants Revenge, Kite (Main Stage).
  • Konstantin, Robag Wruhme, Barac, Jennifer Cardini, Map.Ache (EyeStage).
  • Gaspard, Fungus Funk (Garden Stage).

წლევანდელი ლაინაფიდან ქართველი არისტების დიდი ნაწილიც შემოგვიერთდება ერთი წლის შემდეგ.

2021 წლის ფესტივალზე აუცილებლად დაემატება რამდენიმე უცხოელი ჰედლაინერი ყველა სცენაზე და საბოლოო ლაინაფს უკვე გაისად, გაზაფხულზე გაგაცნობთ.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩვენ მიმართ აქამდე უკვე არაერთხელ გამოავლინეთ. ❤

ყველა, ვინც წლევანდელი ფესტივალის აბონემენტის შეძენა მოასწრო, ბუნებრივია, TOA 2021-საც უფასოდ დაესწრება. სასაჩუქრე საშვებს TBC – თიბისისთან და TKT.GE-სთან ერთად დავამზადებთ და სექტემბერში გავცემთ.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპონსორებს, რომელთა უპრეცედენტო მხარდაჭერის გარეშე ამ ურთულესი პერიოდის გადატანას ვერ შევძლებდით. ❤

☀გვჯერა, 2021 წელს ერთმანეთს აუცილებლად ვიხილავთ და თავისუფლების ჟანგბადსაც კიდევ ერთხელ ჩავისუნთქავთ.

#MusicBreaksFree“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here