ხათუნა ჟორდანიამ ,,პროფილში” ზურა ხაჩიძესთან ქორწინებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყვილმა ბევრი სირთულე გამოიარა.
ხათუნა:
არ არსებობს ოჯახი, სადაც პრობლემები არ არის. ქორწინების ყველა ეტაპს აქვს თავისი სიმძიმეები. მე და ზურასაც უმძიმესი პერიოდები გვაქვს გავლილი, ბევრჯერ იყო სასწორზე ჩვენი ქორწინება, მაგრამ რაღაცნაირად შევძელით, როგორც შევძელით. ჩემს ავადმყოფობასთან ერთად ზურას მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ. არ ვიცი, ვეცოდები თუ… ეს რომ გულწრფელია და ნაღდია, ვიცი.
ზურამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა, მაგალითად, მოთმინება. ნამდვილი გურული ქალი ვარ. თავისი შეცხადებებით, ჩქარი გადაწყვეტილებებით. ზურა უფრო დინჯია, დიდხანს უნდა იფიქროს. ვერ იტანს სიურპრიზებს. ისეთი სახე ჰქონდა ხოლმე, ვფიქრობდი ხოლმე, არ გაუხარდა ჩემი დანახვა–მეთქი. მერე მიხსნიდა, რომ ხომ იცი, ასეთი ადამიანი ვარო. ბევრ შენიშვნას მაძალევდა. შენ ხარ ადამიანი, ვინც შენ ირგვლივ ბევრ ადამიანს რყვნიო, ბევრ სიყვარულს აძლევ და ყველა ეჩვევა, შემდეგ კი ითხოვენ ამასო… უნდა გაანაწილო შენი ენერგია ყველაზე რაღაცნაირადო.
მთავარი სირთულე მაინც ყოველდღიურ ცხოვრებაშია. რაღაცები ხდება, რაც ან მას არ მოსწონს, ან – მე. ჩვენი კონფლიქტი, ძირითადად, ამაზეა ხოლმე. იმდენად დიდი დრო გავიდა, ერთად გავიზარდეთ, რომ სულ რომ არაფერი ითქვას, ისედაც გვესმის ერთმანეთის.