სტეფანე მღებრიშვილი ,,არტ-Fm”-ის ონლაინ სტუმარია. მომღერალმა თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში რადიოს მსმენელს თვითიზოლაციაში გატარებული დროის შესახებ უამბო.
როგორ და ვისთან ერთად ატარებ თვითიზოლაციას?
ბავშვობაში ძალიან მინდოდა პროფესიით ექიმი ვყოფილიყავი, ვიზრდებოდი ძირითადად ექიმების გარემოცვაში, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი მესმის და ვიაზრებ, ასევე ვარ კანონმორჩილი ადამიანი და ვასრულებ ჩვენი ექიმების მითითებებს. იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ახლა გვაქვს ნაკლებად მეშინია, თუმცა, გარკვეული ნაწილი ვერ იგებს იმას, რომ ეს ვირუსი ძალიან საშიშია, დადიან ერთმანეთთან სტუმრად და არ აქვთ სოციალური დისტანცია. ბევრ ადამიანს არ აქვს შეგნება, რამაც ჩიხში შეიყვანა ბევრი უკვე ცნობილი ქვეყანა, რომლის ჯანდაცვა ძალიან მაღალ დონეზე იყო. მთელი მსოფლიო გადმოსცემს იმას, რომ მითითებული წესები მაქსიმალურად შევასრულოთ, თუმცა ბევრი ადამიანი ამას არ აკეთებს. ამის გამო ზოგჯერ ვღიზიანდები და სტატუსებსაც ვწერ ხოლმე სოციალურ ქსელში. თვითიზოლაციას ჩემს ქალიშვილთან ერთად ვატარებ, რომელიც ახლა ესწრება გაკვეთილს ონლაინ რეჟიმით. რაც მთავარია არ არის დაძაბული და იქცევა ძალიან კარგად. ერთადერთი შეიძლება დასჭირდეს ფსიქოლოგის ჩარევა, რადგან ატარებს აიპადში ძალიან დიდ დროს და კონტაქტობს მეგობრებთან ონლაინ რეჟიმით, რაც მგონია, რომ მოქმედებს ფსიქიკაზე და ტვირთავს გონებას.
შენს ფონზე უკან ვხედავთ გიტარას, კიდევ რა ინსტრუმენტები გაქვს სახლში?
ეს არის ოთახი განმარტოვებისთვის, მთავარი ინსტრუმენტი არის იამაჰა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი ხმა და ნიკოლოზ რაჭველის საყვარელი ინსტრუმენტია. გიტარა არის მეგობრებისთვის, რადგან მე ვერ ვუკრავ. ასევე მაქვს ქიბორდი, რომლითაც წარვსდექი ერთ-ერთ კონცერტზე. ეს ინსტრუმენტი ძალიან მიყვარს და მარტო მე მაქვს საქართველოში. როდესაც ტარდება ჯაზ ფესტივალი ქიბორდს მე ვთხოვნი ხოლმე მათ.
როგორია შვილის მუსიკის მიმართ სიყვარული?
მუსიკა როგორც ყველა ბავშვს მასაც ისე უყვარს, უსმენს ძალიან ხშირად ბილი აილიშს, ასევე დადიოდა 5 წელი მუსიკაზეც, თუმცა როგორც თვითონ მითხრა მასწავლებლებმა შეაძულეს მუსიკა, ვცადე სხვადასხვა მასწავლებელი მაგრამ არ გამოგვივიდა.
რა მუსიკას და ფილმს ურჩევდი ჩვენს მსმენელს თვითიზოლაციის პერიოდში?
ძალიან რთულია მუსიკის რჩევა, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიმყოფები სადმე მუსიკის ჩართვის ინიციატივას ჩემ თავზე არ ვიღებ, რადგან ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს. მუსიკა ეს არის განწყობის და პირადი გემოვნების. ამ პერიოდში მე პირადად ძალიან მამშვიდებს კლასიკური მუსიკა და ვფიქრობ, რომ ის არის თერაპია. ასევე მიყვარს ჯაზიც, რომელსაც ყველაზე დიდი დოზით ვუსმენ. რაც შეეხება ფილმს, ვუყურე გუშინ „ჯელტმენები“, რაც აქამდე არ მქონდა ნანახი და მშვენიერი დროის გასაყვანი და გასართობი ფილმია.
კერძი რომელსაც გვირჩევდი?
ძალიან მიყვარს გერმანია და ხშირად ვსტუმრობ ამ ქვეყანას, სადაც მეგობრებიც მყავს. შესაბამისად ძალიან მიყვარს შემწვარი სოსისი კარტოფილ-სალათში, რომელსაც ასე ეძახიან იქ. ამის გაკეთება არის ძალიან მარტივი, ვისწავლე მათგან და ვაკეთებ ხოლმე.