ჩვენი ინტერვიუც სიმღერით დაიწყო. „რა არის ნათელი, რასაც ახლავს ბნელი“, გიორგი ძოწენიძემ ცნობილი სიმღერიდან ეს ფრაზა წაიღიღინა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა. „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი ფინალისტი ის ადამიანია, ვისაც სიმღერა ლაპარაკზე მეტად უყვარს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ინტერვიუს დროს ცოტა ილაპარაკა.
ჯგუფ „ურსას“ სოლისტია 10 წელი. პროექტში მოსვლაზე დიდხანს იფიქრა იმიტომ, რომ არ უნდოდა, უკვე შექმნილ იმიჯს საფრთხე შექმნოდა, მაგრამ „მხოლოდ ქართულმა“ პოზიტიური გამოხმაურებები მოუტანა და მისგან კიდევ ბევრ საინტერესოს ელოდება მომავალში.
ფინალის წინ „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტს, გიორგი ძოწენიძეს ვესაუბრეთ.
გიორგი ძოწენიძე:
რეალურად ეს არის სფერო, რომლითაც არ ვიღლები.
ანუ ხარ ადამიანი, რომელიც სიმღერით არასდროს იღლება.
ასეც შეიძლება ითქვას.
გარდა ამისა, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდი?
თურმე ძალიან ზარმაცი ვყოფილვარ და ამ პროექტში მივხვდი ამას. ადრე დაგვიანება არ მიყვარდა და რეპეტიციაზე სულ ვაგვიანებ. შეიძლება, ძილი მაკლია, ან ზარმაცი ვარ, არ ვიცი…
ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელსაც შენი რეპეტიციაზე დაგვიანება ძალიან არ მოეწონება…
კი, მეც ვიცნობ, მარინა ბერიძე (იცინის). და არა მხოლოდ მას, სხვებსაც არ მოსწონთ და ბრაზდებიან ამის გამო. რეპეტიციაზე თუ დააგვიანებ, მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. რეპეტიციის მერე მარინა ამბობს ხოლმე, ხვალ ვინც დააგვიანებს, გავჩეჩავ, თავს ვარტყმევინებ… მეორე დღესაც ვაგვიანებ ხოლმე, მაგრამ მშვიდობით მთავრდება.
ფინალი მოახლოვდა და ხომ არ ნერვიულობ?
სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან უფრო ვნერვიულობდი, რადგან უცხო ხილი იყო ჩემთვის კონკურსზე გამოსვლა. მესამე ტურის შემდეგ ნაკლებად ვნერვულობ. როცა „მხოლოდ ქართული“ იწყება ხოლმე, მაგ დროს ფორიაქია სისხლში. ნერვიულობაზე უფრო მეტად პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თავიდან, როცა პროექტში მოვედი, ვიცოდი, რომ ბევრი კარგი რამ იქნებოდა პროექტიდან, ბევრიც შეიძლებოდა, მქონოდა დასაკარგი. რეალურად, ძალიან ბევრი პოზიტივი მივიღე. ამ ტურების განმავლობაში სიამოვნებას ვიღებდი, ახლა კი პასუხისმგებლობა გამეზარდა, რადგან ვკითხულობ ჩემი გულშემატკივრების კომენტარებს, ისინი იბრძვიან ჩემი გამარჯვებისთვის და ამან ჟინი მეც შემმატა. არასდროს მომწონდა კონკურსის იდეა, რომ ვიღაცას სიმღერაში უნდა შევეჯიბრო, მაგრამ ახლა ჩემ უკან ბევრი ადამიანია და მეც მათ ვუერთდები. მეც სულითა და გულით ვიბრძვი მოგებისთვის. სხვანაირად ვერც ვიზამ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ გავაწბილო.