„შუადღის“ ახალი გადაცემა „მთავარ არხზე“ – „ამ პასუხისმგებლობას ახლაც ავიღებთ…“

0
718

შაბათ-კვირას „მთავარი არხი“ ახალი შუადღის გადაცემას გვთავაზობს, რომელიც ახალი სახეებითა და ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ თემებით იქნება დახუნძლული.

14 დეკემბრიდან, შაბათობით, ლიტერატურული გადაცემის წამყვანები ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე და ტორესა მოსი იქნებიან და „ლიტერატურულ სამკუთხედს“ შექმნიან.

ყველა მათგანს გავესაუბრეთ და ვკითხეთ, რა ელოდება მაყურებელს შუადღის ახალ გადაცემაში.

ტორესა მოსი:
ახალი გადაცემა შეინარჩუნებს იმ ნიშას, რაც ჰქონდა, რაც უყვარდა მაყურებელს. ჩვენ ვილაპარაკებთ ყველაფერზე, რაც ხდება ლიტერატურულ სამყაროში საქართველოში და მსოფლიოში და ვილაპარაკებთ იმ პრობლემებზე, რაც ყველას ერთნაირად გვაწუხებს, რადგან ლიტერატურა მათ შორის არის საშუალება, დავინახოთ და გავიგოთ ჩვენი რეალობა.

ნენე კვინიკაძე:

პირველ რიგში, დავითვალეთ და 140 დღე გავიდა ჩვენი გადაცემის ბოლო ეთერიდან… მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შემადგენლობით ვბრუნდებით, ჩვენი ძელი თანამებრძოლების გარეშე, მე და ლაშა ბუღაძე, დაგვემატა ტორესა მოსი. მიმდინარე თემებზე სალაპარაკოს საქართველოში რა გამოლევს და გარდა ამისა, უამრავი წიგნია, თარგმანიც და ქართულონოვანიც, რომელთა წარდგენა მაყურებლისთვის ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. ჩვენს გადაცემას დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, როდესაც მაყურებელს წიგნებს ვაცნობდით და შემდეგ ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ, წიგნის მაღაზიებშიც ხშირად კითხულობდნენ იმ გამოცემებს, რომელთა შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ. ამ პასუხისმგებლობას ახლაც ავიღებთ.

ახალი სეზონი იწყება და ბევრი ამბავი გამოვიარეთ, ჩვენც შევიცვალეთ, ასე რომ უფრო საინტერესოები და ემოციურები ვიქნებით. სწორედ ემოციებისა და მოულოდნელობების გამო უყვარს ჩვენი გადაცემა მაყურებელს და ვფიქრობ, ეს მოულოდნელობები კვლავ იქნება, ემოციებთან და კარგ წიგნებთან ერთად, რომლებითაც აუცილებლად გავავლებთ პარალელს დღევანდელ ქართულ რეალობასთან…

ლაშა ბუღაძე:

მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ზე დაიხურა ჩვენი გადაცემა, ისევე, როგორც ბევრი სხვა, ჩვენ გადმოვედით „მთავარ არხზე“. 14 დეკემბრიდან, ახალი შუადღის გადაცემაში, სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად არ იქნებიან ჩვენი დიდი ხნის თანაწამყვანები, თუმცა დაგვემატა ახალი წამყვანი…

რასაკვირველია, ახალ გადაცემაში წარვადგენთ ახალ წიგნებს, ვისაუბრებთ მათ შესახებ, ასევე მოვიწვევთ სტუმრებსაც. გარდა ამისა, გაგრძელდება მსჯელობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მოგეხსენებათ, წიგნები არასდროს არის მოწყვეტილი რეალობას, ასე რომ, ლიტერატურის პარალელურად, სხვა საკითხებზეც ვიმსჯელებთ.

ნინო მურღულია

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here