ხოაკინ ფენიქსი არც ერთ ჯოკერს არ ჰგავს. დიახ, სავარაუდოდ, ის იქნება „ოსკარის“ ერთ-ერთი პრეტენდენტი მამაკაცის როლის შესრულებისთვის. დიახ, ტყუილად არ მიუღია ვენეციის კინოფესტივალზე ამ ფილმს მთავარი ჯილდო, ხოლო – ბრწყინვალე მსახიობი ტყუილად არ დაუჯილდოვებია ფეხზე წამომდგარ მაყურებელს მთელი 8 წუთის განმავლობაში.
თუკი თქვენ ელოდებით იმას, რაც აქამდე გინახავთ ჯოკერთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგიცრუვდებათ იმედი. ხოაკინ ფენიქსს ტოდ ფილიპსმა საშუალება მიეცა, საკუთარი სამსახიობო მონაცემებიდან მაქსიმუმი გამოეწურა და ფილმის სცენარი სწორედ ამ ერთ მსახიობს მოარგო. არც შემცდარა.
ფსიქოლოგიური დრამა, სადაც ძალადობითა და სიძულვილით აღსავსე ქალაქში, გოთემში, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის ბოროტმოქმედად ჩამოყალიბების გზაა ასახული, არც ერთი წუთით არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. ჰიტ ლეჯერის ჯოკერისგან განსხვავებით, ხოაკინ ფენიქსის ჯოკერს არ აქვს დიდი მონოლოგები, ის უფრო მოკლედ და კონკრეტულად საუბრობს, მაგრამ არც ერთი ფრაზა არ არის ზედმეტი, ყველაზე მეტად კი დაგამახსოვრდებათ მთავარი – „ჩემი ყველა ფიქრი ნეგატიურია“.
ფილმი ცდილობს გაამართლოს ჯოკერის პერსონაჟი და დაგვანახოს, რატომ უნდა მას იმ სამყაროს განადგურება, რომელთანაც ვერაფრით ისწავლა თანაარსებობა.
თუკი სიტყვა თანაარსებობას ვახსენებთ, აუცილებელია ხაზი გავუსვათ მუსიკას, რომელიც ყველა კადრს ძალიან ზუსტად მიჰყვება. „ჯოკერის“ მუსიკალური გაფორმება შესანიშნავია.
ერთადერთი, რაც ამ ჯოკერს სხვა ფილმებთან აერთიანებს, ის საერთო განწყობაა, რომელიც კონკრეტული ფერებით იქმნება ხოლმე, როცა ეკრანზე ამ პერსონაჟის გამოჩენას ველოდებით. საერთო სურათი და ფერები აუცილებლად მიგანიშნებთ, რომ ამქვეყნად ყველაზე ბნელი ქალაქის ამბები უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე, რომლის მიმართ ინტერესი არც მაყურებლის მხრიდან იკლებს და არც კინოინდუსტრიისგან. ჯოკერისა და ბეტმენის მუდმივი ჭიდილი ალბათ მუდამ პოპულარული და საინტერესო იქნება…
„ჯოკერის“ თბილისური პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ 2 ოქტომბერს შედგა და მას უამრავი ქართველი მსახიობი დაესწრო, მათ შორის, თორნიკე გოგრიჭიანი, ნატა მურვანიძე, გიორგი ბაბლუანი, ნინო ქორიძე და სხვანი.
ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზმა ხოაკინ ფენიქსის შესრულება აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. ვნახოთ, ექნება თუ არა „ჯოკერს“ კომერციული წარმატება და რაც მთავარია, დაიმსახურებს თუ არა ყველა მსახიობისთვის სანუკვა რჯილდოს ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც ამ როლისთვის ყველანაირი მომზადების ეტაპი გაიარა, მათ შორის ფიზიკურიც, როცა ეკრანზე შესამჩნევად დაკლებული კილოგრამებით გამოჩნდა.