ნანა შონია: „მეგრული ბებიისგან ვისწავლე“

0
1911

დოშკა ოჩიგავა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ – მსახიობი ნანა შონია როლს საუკეთესოდ ართმევს თავს. მან საკუთარ ახალ როლსა და ასევე სერიალს მიღმა ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„ფილმში „გაიღიმეთ“ თავიდან სულ მეგრულად ვლაპარაკობდი, მაგრამ შემდეგ ჩემი სცენების თავიდან გადაღებამ მოგვიწია, რადგან რეჟისორმა ჩათვალა, რომ მეგრულს ბევრი ვერ გაიგებდა. არადა, მეგრულად ლაპარაკი მომწონდა… ყველაფერი კარგად მესმის და პრინციპი, ვლაპარაკობ კიდეც. ზუგდიდში სახლი გვაქვს და ხშირად ჩავდივართ. მეგრული ბებიისგან ვისწავლე…

დოშკას პერსონაჟში სხვადასხვა ადამიანი გავაერთიანე, მეუბნებიან, დოშკა ძალიან ჰგავს ჩემი ცოლის გაუთხოვარ დეიდას, ჩემს მამიდასო და ა.შ. ძალიან რომ ჩავუღრმავდე, დოშკაში დედაჩემის რაღაცები ჩავდე, რადგან ისიც პედაგოგია.

გრიშა კაკაჩიასთან უფრო მეტი საერთო სცენა მაქვს და შესაბამისად, დათო კვირცხალია უფრო მეტად გავიცანი. მიუხედავად იმისა, რომ ერთად არასდროს გვითამაშია, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მერწმუნეთ, ძალიან იშვიათია და ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც შენს პარტნიორს მოსწონს და ამას აღნიშნავს“.

როგორც ნანა შონია ამბობს, მისი და მხატვარ შოთა გლურჯიძის 25-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში თავად უფრო შეიცვალა, ვიდრე მისი მეუღლე: „ცხოვრების ყოფიერება ქალს უფრო ჭამს, ვიდრე მამაკაცს, ამიტომაც მამაკაცის გრძნობა ისეთივე რომანტიკული და ხელშეუხებელი რჩება, როგორიც ადრე იყო. ქალში დედობა უფრო იმარჯვებს და მეც ვთვლი, რომ დედობამ გარკვეულწილად შემცვალა. ახლა ბებიობის ეტაპი დგება და მგონია, რომ ეს უფრო შემცვლის…“

ვრცელ ინტერვიუს მსახიობთან „სარკის“ დღევანდელ ნომერში გაეცნობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here