მარკ მარტელი: „სიამოვნებით გავსინჯავ ქართულ სამზარეულოს და დავათვალიერებ ღირსშესანიშნაობებს“

0
1137

კანადელი შემსრულებელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და ფილმის „ბოჰემური რაფსოდია“ მუსიკალურ ნაწილში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი, საქართველოს სტუმრობს. ის თბილისში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიწვევით, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. „ოქროს ტალღაზე“, რომელიც 11 ივნისს, თბილისისა და ოპერის ბალეტის თეატრში იმართება, „ქუინის“ რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შესრულდება მარკ მარტელის მიერ, თუმცა მასთან ერთად სცენაზე გორის ქალთა გუნდი და თბილისის მერიასთან არსებული ვაჟთა კაპელაც წარდგებიან.

10 ივნისს, სასტუმროში „ვინდჰემ გრანდი“ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე, კანადელი მუსიკოსი, მარკ მარტელი, თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა და სასტუმრო „ვინდჰემ გრანდის“ გენერალური მენეჯერი, მედეა კობახიძე.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ფორტუნას“ წარმომადგენელმა, თათა სადრაძემ განაცხადა, 2019 წელს „ოქროს ტალღა“ უკვე მეექვსედ იმართება.

თათა სადრაძე:

წელს „ოქროს ტალღაზე“ 15-ზე მეტ ნომინაციაში გაიცემა ჯილდოები. 8 ნომინაციის ნომინანტების სამეულები უკვე დავასახელეთ. უღრმესი მადლობა ჟიურის წევრებს გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის. რაც მთავარია, მარკ მარტელი უკვე საქართველოშია და ველოდებით გრანდიოზულ სანახაობას.

ირაკლი გვილავა:

ქალაქისთვის ეს დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანია. „ოქროს ტალღა“ წლიდან წლამდე ვითარდება. წელს გვყავს გამორჩეული სტუმარი, მარკ მარტელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერების ერთ-ერთი აღიარებული შემსრულებელია მსოფლიოში. ყველა ველოდებით წლის საუკეთესო სიმღერის გამოვლენას.

მედეა კობახიძე:

მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ შესანიშნავ კანადელ მუსიკოსს, მარკ მარტელს. მას სპეციფიკური მოთხოვნები არ ჰქონია, აბსოლუტურად უპრეტენზიოა და  სასტუმრო „ვინდჰემ გრანდი“-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კარგი დახვედრისთვის.

მარკ მარტელი:

ძალიან მოხარული ვარ იმის ხილვით, რას წარმოადგენს „ოქროს ტალღა“, რომლის სპეციალური სტუმარიც ვარ და უნდა გავაკეთო ის, რასაც ვიცი, რომ ძალიან კარგად ვაკეთებ – შევასრულო „ქუინის“ მუსიკა. რვა სიმღერას შევასრულებ, რომელთაგან თითოეული ძალიან პოპულარულია.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა იცოდა საქართველოს შესახებ მარტელმა, სანამ თბილისში ჩამოსვლის შეთავაზებას მიიღებდა – „ბევრი რამ არ ვიცოდი საქართველოს შესახებ, მაგრამ ვისაც კი ვუთხარი, რომ აქ ჩამოვდიოდი, ყველამ მითხრა, აუცილებლად უნდა გასინჯო მათი სამზარეულოო. ჯერჯერობით მხოლოდ საუზმე გავსინჯე და ველოდები უფრო მეტს… როცა აეროპორტიდან მოვდიოდით, ჩემს მეუღლესთან და მენეჯერებთან ერთად, ხედებით ვტკბებოდით. შესანიშნავი პირველი შთაბეჭდილებები მივიღეთ“.

როგორც მარკ მარტელმა აღნიშნა, წინააღმდეგი არ იქნება, რომ საქართველოში დაბრუნდეს – „მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს სრიალი და როგორც გვითხრეს, აქ ამ მხრივ შესანიშნავი ადგილებია…“

როგორია მარკ მარტელის წარმატების ფორმულა:

„ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი და მუსიკა ჩემი თავშესაფარი ვიყო. წარმატებისთვის საჭიროა ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდებიან, გითხრან სიმართლე, ამ სფეროში უნდა იყო, თუ სხვა რამ უნდა სცადო. წარმატებისთვის მნიშვენლოვანია, როგორი გარემოცვა გეყოლება…“

„ოქროს ტალღა“ 2014 წლიდან, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით იმართება. მთავარი ჯილდოს, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.

ფოტო: დათუნა აგასი

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდჰემ გრანდი“ ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here