ნიჭიერი ბარბარა სამხარაძე: “ერთ რამეს გაგიმხელთ…“

0
51

ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძე “ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა. მას სამოთახიანი ბინა, ავეჯის სახლისგან 5000-ლარიანი ვაუჩერი და მანქანა ერგო, გარდა ამისა, რადიოჰოლდინგ “ფორტუნასგან“, როგორც მეგაპროექტის მხარდამჭერისგან, ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.

ბარბარა სამხარაძე:

ძალიან გამიხარდა, რადგან ეს იყო მოულოდნელი გამარჯვება, რომელსაც ვერც მე და ვერც ჩემი ოჯახის წევრები ვერ წარმოიდგენდნენ. იმდენი პრიზი ავიღე, რომ მეგონა, გამარჯვებული სხვა გახდებოდა. შოუებს რომ ვუყურებ ხოლმე, ასე ხდება, სხვადასხვა მონაწილეს უამრავ საჩუქარს ჩუქნიან და მერე სხვას აცხადებენ გამარჯვებულად. ამიტომაც მგონი, ჩემ გარდა, ყველა მონაწილე ელოდებოდა, რომ ჩემს სახელსა და გვარს გამოაცხადებდნენ (იცინის). მხოლოდ მე არ მჯეროდა. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა და თან, მრავალრიცხოვანი. მათ ხომ უამრავი მეგობარი, ახლობელი და ნათესავი ჰყავთ და სხვა ადამიანებიც გულშემატკივრობდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მე ჩემი მეზობლებისა და ნათესავების გარდა, კიდევ უამრავმა ადამიანმა დამიჭირა მხარი.

მართლა გეძინებოდა?

(იცინის) ძალიან. ემოციურად გადატვირთული დღე იყო. ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა და როდის გამოაცხადებდნენ გამარჯვებულს. ახლაც, ვიდეოს რომ ვუყურებ, სანამ იმ მომენტამდე მივალ, რომ მე დამასახელებენ გამარჯვებულად, მაინც არ მჯერა. ასე ვიყავი პირველი გამოსვლის დროსაც, კასტინგზე ოქროს ღილაკს რომ დააჭირეს, ამ ვიდეოს რომ ვუყურებდი, სანამ ოქროს ღილაკამდე მივიდოდა საქმე, სულ მეგონა, რომ შემდეგ ტურში არ გადამიყვანდნენ…

ბინაში როდის გადადიხარ?

რამდენადაც ვიცი, ბინა ჯერ არ არის დასრულებული. რომ დასრულდება, გადავალ.

“ნიჭიერის“ ტიტული შენთვის რას ნიშნავს?

ძალიან ბევრს და შევეცდები, ის ღირსეულად ვატარო და მერე შემდეგ გამარჯვებულს გადავულოცო. იმედია, ისეთივე დამსახურებული იქნება, როგორიც ჩემი გამარჯვება, რომელსაც ჯერ ისევ ვერ ვაცნობიერებ…

სიმღერას გააგრძელებ?

რა თქმა უნდა. მინდა, ჩემი რეპერტუარი გავზარდო.

და ბოლოს, რადიოჰოლდინგმა “ფორტუნამ“ ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთი გადმოგცა…

ეს ჩემთვის ერთ-ერთი სასიხარულო მომენტი იყო, რადგან ელტონ ჯონს ბავშვობიდან ვუსმენ და მის კონცერტზე დასწრება ვერც წარმომედგინა, მაგრამ ერთ რამეს გაგიმხელთ – მგზავრობა არ მიყვარს, თვითმფრინავში კი საერთოდ არ ვმჯდარვარ და ისე მეშინია… (იცინის). რაიმე სხვა გზა რომ იყოს, აუცილებლად იმით ვისარგებლებდი. ვიცი, რომ ძალიან შემეშინდება…

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here