ქეთი დევდარიანმა ცნობილი კინოფანდი გამოიყენა და საახალწლოდ მთელი საქართველო აატირა

0
1956

„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა სერიალის სეზონის განმავლობაში, ერთხელ მაინც, მოახერხა მთელი საქართველოს ატირება. გვახსოვს რამდენიმე განსაკუთრებით კარგი ეპიზოდი ამ სეზონიდანაც, რომელიც ნინას ავადმყოფობას უკავშირდება, მანამდეც არაერთხელ გვინახავს შესანიშნავი პერფორმანსები მსახიობებისგან, რომლებიც, რასაკვირველია, პირველ რიგში, შესაბამისი სათამაშო მასალითაა განპირობებული, რასაც სცენარისტი ქმნის…

გამომიძებელ აკაკი შუკაკიძის ამბავი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ის სხვა ეპიზოდებისგან იმით განსხვავდება, რომ მოულოდნელობის ეფექტის შექმნა, რაც სერიალებში ძალიან მნიშვნელოვანია, საუკეთესოდ, ყველა სეზონის განმავლობაში ქეთი დევდარიანს აქ გამოუვიდა.

აკაკი შუკაკიძის გმირი იდეალური გამომძიებელია იდეალური ოჯახით, ცოლითა და შვილით… კომენტარებში მაყურებელი სულ ეჭვობდა, რომ ასეთი იდეალური ცოლ-ქმრობა არ არსებობდა, თუმცა რასაკვირველია, სცენარის ასეთ განვითარებას ჩვეულებრივი მაყურებელი ვერ წარმოიდგენდა. ის, ვინც ამერიკული და ევროპული სერიალების მაყურებელია, სცენარისტებისგან სწორედ ასეთ შემობრუნებებს ელოდება. თანამედროვე სერიალებში სხვადასხვა ხაზი არასდროს ისე არ ვითარდება, როგორც ამას მაყურებელი ელის – მოლოდინებისა და მოულოდნელობების კომბინაციაზეა დაფუძნებული და ამით იზიდავს მილიონობით მაყურებელს.

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სერიაში აკაკი შუკაკიძის ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგონა იგებს, რომ გამომძიებელს ცოლ-შვილი ორი წლით ადრე ავარიაში დაეღუპა, თუმცა აკაკი ყველგან ამბობს, რომ ის დაქორწინებულია და შვილი ჰყავს და მაყურებელიც ამ ხნის განმავლობაში მის ცოლ-შვილს ხედავდა. სერიის შთამბეჭდავ ფინალში აკაკი ახალ წელს ჯერ ცოლ-შვილთან ერთად აღნიშნავს და მათ საჩუქრებსაც ჩუქნის, თუმცა შემდეგ, როცა კამერა მას მიუახლოვდება და ისევ ფართო კუთხეს აჩენს, მაყურებელი ხედავს, რომ ოთახში მხოლოდ გამომძიებელი ზის… აკაკი ვერ ეგუება ოჯახის წევრების დაღუპვას და მათ აჩრდილებთან ერთად ცხოვრობს…

ქართველი მაყურებლისთვის ეს სცენარი შოკური შემობრუნება გამოდგა. სერიის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებში მხოლოდ ამაზე საუბრობენ:

„მართლაც წარმოუდგენლად იდეალური ოჯახი იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს წარმოსახვა აღმოჩნდებოდა…“

„ყველაფერს მოველოდი ამის გარდა“

„ბრავო ჩცდ. კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ პირველები ხართ“

„გული მეტკინა“

„გამოდის რომ ჩვენი აკაკი სულთან განიხილავდა თავის პრობლემებს. ეს რამე ფსიქიურ პრობლემად ხომ არ ითვლება?“

„რა საშინელებაა, საწყალი აკაკი“

„ამ სერიალის სცენარის ავტორო, შენ ხარ ყველაზე აუტანელი და საძაგელი სცენარის ავტორი მსოფლიოში. ძლივს ერთი ნორმალური ოჯახი იყო სერიალში, ეს ცოლი ხომ საერთოდ ჩემთვის იდეალური ცოლი იყო და ყველაფერი ფანტაზია ყოფილა. რატომ შვილო, რატომ, რატომ, რატომ????????? ასე რამ გაგამწარაა????“

„სულ ვიცოდი, რომ ეს გოგო რაღაც უცნაურად იქცეოდა“

„კარგით რააა. მთელი ღამე აკაკი შუკაკიძე და მისი გარდაცვლილი ცოლ-შვილი მესიზმრებოდა. გავსკდი ტირილით. რას მერჩოდით? თან ყოველი მაგ წყვილის გამოჩენაზე მე და ჩემი ქმარი ჩვენს ურთიერთობას ვადარებდით მაგათ ურთიერთობას. მარტო ფილმებშია ჩვენნაირი ცოლ-ქმარიო, ვამბობდით. აჰაა! ესეც ილუზია ყოფილა. შიშისგსნ თითზე ვიკბინე დილით, ნამდვილი ხომ ვარ მეთქი“.

გუშინდელი სერიის ყურებისას უამრავი კინოპარალელის გავლება შეიძლება, თუმცა ჩვენ გაგახსენებთ ალეხანდრო ამენაბარის ცნობილ ფილმს „სხვები“, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს. მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი დარწმუნებულია, რომ ის და მისი შვილები ცოცხლები არიან, მეტიც, თავად პერსონაჟებიც არიან ამაში დარწმუნებულნი, თუმცა ფინალში აღმოაჩენენ, რომ ისინი გარდაცვლილები არიან და სახლში, სადაც მოჩვენებებს დასდევენ, თავად არიან მოჩვენებები…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here