ნატო გელაშვილის ოჯახში სტუმრობა დიდი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ ცნობილი კომპოზიტორის სახლიდან სულ სიმღერის ხმა გამოდის, ის შესანიშნავ კულინარადაც მიიჩნევა და რაც ყველაზე მთავარია, როგორც მისი ვაჟები ახასიათებენ, სუპერდედაა.
გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა ახლახან დედის მიერ მათთვის დაწერილი სიმღერა შეასრულეს და აპირებენ, არა მხოლოდ ნატოს დაწერილი სიმღერები შეასრულონ. ქართული სიმღერით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მათ ბავშვობაში ნატო გელაშვილის კონცერტი ფილარმონიაში გაიმართა…
ნატო:
დიდი ხანია, ჩემი შვილების სიმღერას ვუსმენ და როცა მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ფართო ასპარეზზე გასულიყვნენ, გადავწყვიტეთ სიმღერის ჩაწერა. ახალი სიმღერა დავწერე ფოტოდან გამომდინარე, რომელიც სახლში გვიკიდია და ერთად გვაქვს გადაღებული, ფოტო იქცა ინსპირაციად. შევაპარე, მოდი, ვისწავლოთ ეს სიმღერა-მეთქი. ჩემი შვილები 24 საათი მღერიან, განსაკუთრებით ეს ლუკას ეხება. ამაში გიოც დამეთანხმება. ზოგჯერ ვთხოვთ ხოლმე, იქნებ დაუწიოს მუსიკას ან გამორთოს და მშვიდი საათი მოვაწყოთ. ბოლო ხმაზე აყვირებს და თვითონაც გაჰყვირის. თუ შემოხვალ და მუსიკა ბოლო ხმაზე არ ისმის, ე.ი. ლუკა სახლში არ არის.
ლუკა:
სახლში როცა ზიხარ ადამიანი, გყავს ძმა, რომელიც მუშაობს ბანკში, დედა რომ გყავს კომპოზიტორი და არის სახლში… ვუსმენ მუსიკას, ეს ბუნებრივია, რა ვაკეთო (იცინიან)?!.
ბავშვობიდან ასე იყვნენ?
ნატო:
ჩემი ფილარმონიის კონცერტი მზადდებოდა და რა თქმა უნდა, მიდიოდა გაუთავებელი რეპეტიციები ჩემს სახლში. მონაწილეობდა ყველა, თუკი ვინმე მღერის საქართველოში. „ქართული ხმების“ კვარტეტი ასრულებდა „თეთრ კლავიშებს“… მანამდე ქართულ სიმღერებს არ უსმენდნენ და ამ კონცერტის შემდეგ დაინტერესდნენ.
ლუკა:
პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართული ხმების“ კვარტეტმა მოახდინა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება.
გიორგი:
რომ დაიწყო რეპეტიციები, ქართული სიმღერით დავინტერესდით. დავიწყეთ კითხვების დასმა. ვინ იყო ყველაზე კარგი პირველი, მეორე ხმა და ა.შ.
ნატო:
გიორგის „პაჩემუშკას“ ვეძახით, რადგან სანამ ცნობისმოყვარეობას ბოლომდე არ დაიკმაყოფილებს, მანამდე სვამს კითხვებს. მოკლედ, მათში ამ კონცერტის შემდეგ მოხდა გარდატეხა. მანამდე უფრო მეტად უცხოურს, როკს უსმენდნენ. უცებ აღმოჩნდა, რომ სახლში მყავდა ორი „გრუზინი“ (იცინის). ოღონდ ისეთი, რომ დაიწყეს, ვნატრობდი, ნეტავ, ესენი გაჩუმდებოდნენ-მეთქი. ბოლო ხმაზე აყვირებდნენ რომელიღაც ანსამბლის სიმღერას და ზემოდან კიდევ თვითონ მღეროდნენ სხვადასხვა ხმას. ვფიქრობდი, რა მინდოდა წვენებში-მეთქი… იმ დღიდან მოყოლებული, მთელი კორპუსი ცნობდა, როდის ჩადიოდნენ და ამოიდოდნენ, ორ ხმაში (იცინის). აქაც ასეა, ახალ სახლში რაც გადმოვედით. ვთხოვ ხოლმე, ღამის ოთხ საათზე არ იმღერონ…
ლუკა:
სამაგიეროდ, მეზობლები მადლობებით მხვდებიან ხოლმე. მერვე სართულამდე სანამ ამოვდივარ, ხალხი გამოდის და მესალმება, მეუბნებიან, ყოჩაღო (იცინიან).
გიორგი:
კი, კი, ელოდებიან, როდის ამოვა ლუკა, რომ გამოვიდნენ და მადლობა გადაუხადონ.
ლუკა:
თავიდან, ქართულ სიმღერას გემო რომ გავუგეთ, დავეტაკეთ და სამას სიმღერას ერთად ვუსმენდით.
დედის სიმღერების აღქმა როდის დაიწყეთ?
გიორგი:
ნატოს სიმღერას ვერ იმღერებ, თუ თვითონ სახლშია. გამოგძახებს, ისე არა, ასე უნდა იმღეროო.
ნატო:
არასწორ ბგერას ვერც სხვას ვაპატიებ და ვერც ჩემს შვილებს.
გიორგი:
იცი, როგორი ამბავია? თავად დაწერა, გრძნობდა, რას აკეთებდა, შენ რომ გადაუხვევ ფარგლებს იქით, აღარ მოსწონს.
ლუკა:
დედას სიმღერას სჭირდება აღქმა. ზრდასრული უნდა იყო, რომ გაიგო, რა ხდება. დედას სიმღერებს უნდა ეწეროს +18, შეიძლება, ცოტა ზევითაც (იცინიან).
ნატო:
იცით, რას გეტყვით? +14 ვიყავი, სიმღერებს რომ ვწერდი (იცინის). ეს ორი მაწაკი მე გავზარდე?
ლუკა:
ნატოს სიმღერებს რომ მოუსმინო, შინაგანი სამყარო ჩამოყალიბებული უნდა გქონდეს. დღეს უკვე შემიძლია, შევიდე ჩემს ოთახში, ჩავრთო სიმღერა, რომელიც ბევრმა ხალხმა არ იცის და სიამოვნებით მოვუსმინო.