„ვარსკვლავის დაბადების“ ქართული პრემიერა ქართველი ვარსკვლავებით

0
1630

„ვარსკვლავის დაბადება“ – წლის მთავარი მიუზიკლი, რომელშიც ლეიდი გაგა და ბრედლი კუპერი მონაწილეობენ, რეკორდებს უკვე ხსნის. პირველ რიგში იმით, რომ დრამა-მიუზიკლის მთავარი სიმღერა Shallow ჩარტების ლიდერია და უამრავი მელომანების გული დაიპყრო. მუსიკალური კომპოზიციები ნამდვილად არის ფილმი ძლიერი მხარე და ის აუცილებლად კინოში უნდა ნახოთ, რომ ლაივ-პერფორმანების სტილში გადაღებული ნომრები საუკეთესოდ აღიქვათ.

„ვარსკვლავის დაბადების“ ახალი ვერსიის გადაღება საკუთარ თავზე ამჯერად ბრედლი კუპერმა აიღო და ლეიდი გაგასთან ერთად მთავარი როლიც შეასრულა.  „ვარსკვლავის დაბადება“ ამავე სახელწოდების 1937 წლის ფილმის რიმეიკია და არის რიგით მესამე, 1937 წელს გადაღებული ფილმის შემდგომ. 30-იანი წლების შემდეგ ამავე თემას 1954 წელს მიუბრუნდნენ, სადაც ის მიუზიკლად გადაკეთდა და ჯუდი გარლანდი გახლდათ მთავარ როლში, 1976 წელს კი როკმიუზიკლი გამოვიდა ბარბარა სტრეიზანდით წამყვან როლში.

ფილმის დახურული ჩვენება პრესის წარმომადგენლებისთვის, ქართველი მომღერლებისთვის და ცნობილი სახეებისთვის „თბილისი მოლში“ მდებარე კავეას კინოთეატრში შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ფილმის ყველა დადებითი მომენტის შეგრძნება, კარგი საუნდის წყალობით, ადვილად შევძელით. ჟურნალ „ოქეისა“ და კინოთეატრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გემრიელად გაგვიმასპინძლდნენ და რამდენიმე ჩვენგანმა გათამაშებულ პრიზებსაც გამოჰკრა ხელი.

დადგა ფილმის წარდგენის დროც. სანამ მას ვიხილავდით, მანამდე რამდენიმეწუთიანი დოკუმენტური კადრები შემოგვთავაზეს, სადაც ლედი გაგ და ბრედლი კუპერი, ფილმის გუნდის წევრებთან  ერთად, მისი შექმნის ამბავზე საინტერესოდ საუბრობდნენ.

რაც შეეხება თავად ფილმს, ვერ გეტყვით, რომ სიუჟეტური ნახაზი განსაკუთრებულად ორიგინალურ გადახვევ-გადმოხვევებს შემოგთავაზებს და არც დიდი სიურპრიზებს უნდა ელოდოთ, აქ მთავარი მუსიკალური მხარეა, რომელსაც დიდი ალბათობით „ოსკარის“ მომავალი წლის დაჯილდოვებაზე აუცილებლად ვიხილავთ.

ფილმში ძალიან კარგია ბრედლი კუპერი, რომელიც ისედაც არ უჩიოდა სამსახიობო მონაცემებს და კარგად ასახიერებს როკვარსკვლავს, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და ბავშვური ტრავმების გამო თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებს და საკმაოდ საშუალოა თავად ლეიდი გაგა, რომლისგანაც მაყურებელი „ამერიკულ საშინელებათა ისტორიაში“ მონაწილეობის შემდეგ, მსახიობობის კუთხით, უფრო მეტს ელოდა.

თუკი მისი ვოკალით აღფრთოვანებული ხართ და მოგწონთ გაგას შესრულების მანერა და მისი მუსიკა, ასევე გაინტერესებთ, როგორ მღერის ბრედლი კუპერი, რომელმაც ექვსი თვე, ფილმის მოსამზადებელი პერიოდი, ვოკალის მასწავლებელთან სიარულში გაატარა, „ვარსკვლავის დაბადება“ დღეიდან უკვე ქართულ კინოთეატრებში გიხმობთ.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here