12-13 ოქტომბერს, თბილისში, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, ქუჩის მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი ორ ლოკაციაზე – დედაენის ბაღში და პუშკინის სკვერში გაიმართება, ასევე იქნება პატარა ლოკაციები განახლებული აღმაშენებლის ტერიტორიაზეც.
ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, რომ ფესტივალში 150-მდე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის უცხოელი შემსრულებელიც.
„წლის ბოლომდე დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა. როგორც იცით, წარმატებით მიდის ქუჩის მუსიკოსების აქტივობა რიყის პარკში. უკვე მიმდინარეობს მუშაობა ღამის მუსიკოსების ასოციაციასთან, რომ “თბილისობის” მომდევნო კვირაში ამ ყველაფერს ფესტივალის სახე მივცეთ. მუსიკოსების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე ქუჩის მუსიკოსების ასოციაციაში 500-მდე მუსიკოსია გაერთიანებული. მათ 3-4 წლის წინ გააკეთეს ფესტივალი, მერე როგორც ჩანს, ვერ მოძებნეს სპონსორები და გაჩერდნენ. ახლა თავიდან დავაწყებინეთ ყველაფერი. მსგავსი ფესტივალების გამოცდილება ვისაც აქვს, ასეთი ხალხის ჩამოყვანას ვაპირებთ. ამ მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს“, – აღნიშნა გვარჯალაძემ.
ფესტივალის ფარგლებში ქართველი შემსრულებლებისთვის მასტერკლასი ჩატარდება, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართება.