დღევანდელ „სარკეში“ ნინი შერმადინი იხსენებს, როგორ გაუჭირდა აშშ-ში თავის დამკვიდრება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ქვეყანაში 200 დოლარით ჩავიდა და უკან დაბრუნებაზეც ფიქრობდა:
„6 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა.
თავიდან ყველა სამსახურში ვცადე ბედი. ამერიკაში 200 დოლარით ჩავედი. აბსოლუტურად უცხო ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ მიწყობდნენ ხელს ახალი ცხოვრების დაწყებაში. მთელი სიცოცხლე ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც, ძიძადაც. ამ ბოლო ორი სამსახურიდან გამომიშვეს, ეს საქმე არ იციო.
მიმტანად რომ დავიწყე მუშაობა, მეორე დღესვე დამემსხვრა ჭიქები და თეფშები, სიმძიმეების აწევას არ ვიყავი მიჩვეული… მერე გაჩნდა კითხვა, რა აზრი ჰქონდა ამერიკაში დარჩენას, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, შენ საქართველოში არ წახვალ-მეთქი.
ყველაფერი გავაკეთე საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. დავიწყე ენის შესწავლა, კასტინგებზე სიარული, მაგრამ ყველა კასტინგზე ითხოვდნენ, რომ მწვანე ბარათი და მუშაობის უფლება მქონოდა.
ადვოკატმა ლევან ნაცარიშვილმა გამიკეთა საბუთები, საელჩოში ყველა დაარწმუნა, რომ ჩემთვის მწვანე ბარათი უნდა მოეცათ.
არ შემიძლია, უღრმესი მადლობა არ გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. მან დამიწერა სარეკომენდაციო წერილი, რამაც, ფაქტობრივად, გდამწყვეტი როლი ითამაშა. ერთადერთი მომღერალი ვიყავი, რომელსაც რეკომედაციას საქართველოს პრეზიდენტი უწევდა. სამუშაო ვიზა რეკორდულ დროში მომივიდა“.