Fix Group-ს საქართველოში ადრიანო ჩელენტანოს ორეული, ადოლფო სებასტიანი ჩამოჰყავს. ადოლფო ბენდთან ერთად დიდი ხანია, ცნობილი იტალიელი მსახიობისა და მომღერლის პროგრამით დადის და ყველა მის ჰიტს ასრულებს. თავიდან ქართული კომპანიის გვერდზე მითითებული იყო, რომ თბილისში კონცერტისთვის ადრიანო ჩელენტანო ჩამოჰყავდათ და ბილეთების გაყიდვაც სწორედ ასე დაიწყეს, შემდეგ კი ბანერი გადააკეთეს და დააწერეს, რომ საქართველოში ადრიანო ჩელენტანოს შოუ მის ორეულს ჩამოაქვს. „იმედთან“ საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა, ირაკლი კობერიძემ განაცხადა, რომ არ ელოდნენ, თუკი საზოგადოება იფიქრებდა, რომ ჩელენტანო ჩამოდიოდა, თუმცა ამან წარმატებით ბილეთების გაყიდვას შეუწყო ხელი…
საოპერო შემსრულებელმა, ნინო სურგულაძემ ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა და აღნიშნა:
„ძვირფასო მეგობრებო… ჩელენტანო ვერასოდეს ჩამოვა საქართველოში და საერთოდ, ვერც სხვა რომელიმე ქვეყანაში. უკვე რამდენიმე წელია, მძიმე ფობია აქვს. ყველანაირ ტრანსპორტს ერიდება.. და ფაქტობრივად, სახლიდან თითქმის აღარ გამოდის. ამის შესახებ მისი წლების მეგობრისგან და მისი ფაქტობრივად ნამდვილი ორეულისგან შევიტყვე შარშან იტალიაში. ( ეს სხვა ორეულია, არა ის, რომელიც საქართველოში ჩამოდის.) გული დამწყდა, ჩამოყვანა მინდოდა. ეს იტალიელი ორეული ბავშვობიდან (თითქმის) მეგობრობს მასთან და ყველაზე ცნობილია მის არაჩვეულებრივ განსახიერებაში. მინდოდა მისი ჩამოყვანაც, მაგრამ აღარ გადავწყვიტეთ. რადგან ორიგინალი ყოველთვის მაინც შეუცვლელია“.
თამარ ივერი ასევე ეხმაურება თემას, რომელიც ბოლო დღეებია, აქტუალურია:
„პუბლიკის ასეთ შეგნებულად თავგზის აბნევას და სამარცხვინო ფაქტს მხოლოდ ბანანის რესპუბლიკის დონის სახელმწიფოებს თუ აკადრებენ თავად შოუს შემქმნელები და შედგომ მათი ადგილობრივი ორგანიზატორები!! ვფიქრობ, ქართვლმა მაყურებელმა ეს არ უნდა „ჭამოს“ და ბილეთის თანხა, ვიღაც იმიტატორის კონცერტში არ უნდა გადაყაროს. ამას ჯობია, ისევ ნამდვილ ადრიანოს უსმინო ინტერნეტით. „ერთი ერთში“ შოუს სტილის აფერაზე ხალხმა საკუთარი დანაზოგი იხადოს? თაღლით ორგანიზატორებს კი პასუხი უნდა მოეთხოვოთ ხალხის განზრახ „გაბაიბურებისთვის“!.
ისე, შემდეგ კონცერტებად მაიკლ ჯექსონის შოუს ან ლუჩანო პავაროტის სოლოკონცერტს ხომ არ შემოგვთავაზებენ?? მოიძიონ, მათაც ეყოლებათ ორეულები. სირცხვილი“.