7 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის საქართველოში გასტროლებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ასკარ ბურიბაევი, რეჟისორი ლაილიმ იმანგაზინა, მთავარი ბალეტმაისტერი გულჟან ტუტკიბაევა, მთავარი ქორმაისტერი ალია ტემირბეკოვა, დირიჟორი ერბოლატ ახმედიაროვი.
7, 8 და 9 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, გაეცნოს ყაზახეთის კულტურის საუკეთესო ნიმუშებს.
7 სექტემბერს, წარმოდგენილი იქნება ახმეტ ჟუბანოვის და ლატიფა ხამიდის ოპერა „აბაი“, რომელიც ითვლება ყაზახეთის სავიზიტო ბარათად. „აბაის“ დიდი წარმატება ხვდა წილად პარიზში შანზელიზეს თეატრის სცენაზე და გერმანიაში, მაინინგენის სახელმწიფო ოპერის თეატრში. 8 სექტემბერს, წარმოდგენილი იქნება ასაფიების ბალეტი „ბახჩისარაის შადრევანი“. ამ ბალეტის პრემიერა 1934 წელს პეტერბურგში, მარიას სახელობის ოპერის თეატრში შედგა და დღემდე უდიდესი წარმატებით იდგმევა მსოფლიოს მრავალ თეატრში. 9 სექტემბერს, გაიმართება გალა კონცერტი აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერის თეატრის სოლისტების, გუნდის და ორკესტრის მონაწილეობით. კონცერტზე შესრულდება ყაზახი, ქართველი და დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. სადირიჟირო პულტთან იდგება აბაის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ასკარ ბურიბაევი.
7 და 8 სექტემბერს სპექტაკლები დაიწყება 19:00 საათზე, ხოლო 9 სექტემბერს გალაკონცერტი 17:00 საათზე გაიმართება. წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია. აბაის სახელობის ოპერის თეატრის გასტროლები ტარდება ყაზახეთის კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.