“ჩემი ცოლის დაქალებს“ სახელგანთქმულ კაფეში “ნელიკოსთან“ ვეწვიეთ, მორიგ გადაღებამდე და მსახიობებს საახალწლო ტრადიციების შესახებ დავუსვით შეკითხვები…
ეკა დემეტრაძე:
ძალიან მიყვარს ახალი წელი, ბავშვობიდან ტრადიციები არ მომყვება, მაგრამ მე და ჩემმა მეგობრებმა დავამკვიდრეთ ტრადიცია ამ ბოლო დროს, ვინც ერთად ვხვდებით ამ დღესასწაულს: ვდებთ პირობას, ვინ რას გააკეთებს, ერთმანეთთან გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ აუცილებლად უნდა შევასრულოთ დადებული პირობა და ამას მართლაც ვაკეთებთ. ზოგი სურვილსაც ჩაუთქვამს. მე წინა წელს რაც ჩავიფიქრე, ამისრულდა.
არ მახსოვს, როდის გავიგე, რომ სანტა არ არსებობდა, 90-იანებში გავიზარდეთ (იცინის). მთელი ბავშვობა ვიყავი დარწმუნებული, რომ თოვლის ბაბუა კი არსებობდა, მაგრამ ჩვენთან არ ჩამოდიოდა, საქართველოში (იღიმის).
ერთად იკრიბებით ხოლმე სერიალის გმირები საახალწლოდ?
ისეთი გრაფიკი გვაქვს, განსაკუთრებით – წინასაახალწლოდ, რომ ერთი სული გვაქვს, როდის მოვრჩებით და გავიქცევით ჩვენს ოჯახებში, მეგობრებთან, რომლებიც “მიგდებული” გვყავს მთელი წელი და ვერ ვნახულობთ, ამიტომ სულ გაქცევაზე ვართ საახალწლოდ…