„როცა სამჯერ გეუბნებიან უარს, ეს იმას ნიშნავს…“ – რატომ არ აიყვანა თაკო ნაცვლიშვილი „ვიქტორიას სიკრეტმა“

0
4998

Fashionholics online – ქართული „ფეისბუქ“-გვერდი მოდის შესახებ წერს, რატომ არ აიყვანა „ვიქტორიას სიკრეტმა“ ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი თავისი ცნობილი შოუსთვის. მოსაზრების ავტორი აღნიშნავს, რომ მესამედ უარის მიღება ბრენდისგან იმას ნიშნავს, რომ თაკოს ვერ ხედავენ „ვიქტორიას სიკრეტის“ მოდელად.

„დავუბრუნდეთ გუშინდელ ამბავს. „ვიქტორია სეკრეტმა“ თაკო ნაცვლიშვილი ფინალურ ტურში არ გადაიყვანა. კასტინგების დაწყებამდე დავწერე, რომ პირველი და მეორე უარი ჩვეულებრივი შემთხვევაა, მაგრამ თუ მესამეც უარი იქნებოდა, მესამე უარი უკვე რაღაცას ნიშნავს, ამიტომ ახლა არ ვაპირებ დავიწყო საუბარი, რომ გამართლება, სეგმენტები, ლოკაცია და მოკლედ, რასაც წინა თვეებში ვწერდი. როცა 3 წლის განმავლობაში ბრენდი სამჯერ გეტყვის უარს, ნიშნავს, რომ ვს-ის გოგოდ ვერ გხედავენ. ეს შეიძლება გამოწვეულია გარეგნობით, რაც არ ნიშნავს, რომ თაკოს სილამაზეს ვერ ხედავენ, უბრალოდ, ამ სილამაზეს ვერ აღიქვამენ ვს-ის გარეგნობად. ან – პიროვნულობით, რაც ასევე არ ნიშნავს, რომ თაკოს ცუდი ხასიათი აქვს, უბრალოდ, არ არის ვს-ის სტილის პიროვნულობა, რაც გულისხმობს: შინაგანი თავისუფლება, იუმორი, ნაკლები კდემამოსილება, მეტი სიმსუბუქე (წონას არ ვგულისხმობ), სითამამე.

გარდა ამისა, თაკოს არ აქვს ძლიერი ბუქი. გარეგნობა აქვს ნამდვილი მოდის, რომელსაც მაღალ მოდას ვუწოდებთ, რაც ძალიან დიდი კომპლიმენტია, თუმცა მაღალ მოდაში ბოლო 3 წელია, მის გარშემო არაფერი მომხდარა. ალბათ, ყველა ფაქტორი ერთად შეიკრიბა. ვერც გარეგნობაში ხედავენ ვიქტორია სეკრეტს, ვერც პიროვნულობაში და არც ძლიერი პორტფოლიო აქვს, რომ გადაიყვანონ, რადგან პრესტიჟულია თაკოს აყვანა.

პრესტიჟული შემთხვევით არ მიხსენებია. ბოლო წლებში მოდაში ბევრი რამ შეიცვალა. ადრე ვს-ს უნდა აეყვანა გოგო, რომ გოგონას პრესტიჟი გაზრდილიყო, დღეს გოგონა უკვე უნდა იყოს პრესტიჟული, რომ ვს-მა აიყვანოს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ბოლო 3 წელი დედა-შვილის დამოკიდებულებაში ჩანდა: ‘მოვხვდეთ ვს-ში და შემდეგ დავიპყრობთ დარჩენილ მოდას.’ 15 წლის წინანდელი მიდგომა. ახლა პირიქით არის! თუ ძალიან ტიპურად ვს-ის გოგო არ ხარ გარეგნობით და პიროვნულობით, ჯერ სხვაგან უნდა მიაღწიო რაღაცას, რომ შემდეგ ამათმა თავიანთი პრესტიჟისთვის აგიყვანონ. უბრალოდ, გაიხსენეთ შარშანდელი შოუ. 65 გოგო, ნახევარი მაინც გახსოვთ ვინ იყო? გამოვიდნენ შარშან შოუზე, მოხვდნენ. რა მოხდა, რა შეიცვალა? გადადგეს ინდუსტრია? ნახევარზე მეტი მაინც არაფერს წარმოადგენს მოდაში. აღარ ვართ 2007 წელში, როცა შოუში 35 მოდელი გამოდიოდა და შოუს მეორე დღეს ყველამ იცოდა თითოეული მათგანი, ხდებოდნენ ცნობილები და ვოგი კალთებს ახევდათ.

თაკო წელს ნამდვილად გამორჩეულ ფორმაში იყო და ჩვენ დიდ წარმატებას ვუსურვებთ. არ დაივიწყოთ,რომ საუკეთესო რჩევა, რომელიც შეიძლება მოდელს მისცე არის: მზად იყავი უარყოფისთვის, რადგან ეს არის ინდუსტრია, სადაც ყველაზე დიდი სუპერმოდელებიც არაერთხელ დაუწუნებიათ“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here