„ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ – ამ ეგიდით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 2018 წლის 4-28 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე გაიმართება 6 კონცერტი, სადაც ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.
ვნახოთ, როგორი კონცერტები გველოდება შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო დარბაზში.
4 აგვისტო, გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“. მისი პრემიერა 2017 წელს შედგა, აშშ-ში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში, სფეის შიგტ ლაბში, შემდეგ კი პეკინში. ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმართულებების სინთეზს შეხვდება მსმენელი. ამ პროექტით, შეიძლება ითქვას, უცხოელები გაიცნობენ თანამედროვე ქართულ კულტურას და ჩვენს წარსულსაც, ამიტომაც შეგიძლიათ საქართველოში მყოფი უცხოელი სტუმრები თამამად დაპატიჟოთ ვოისაზე. გიორგი მიქაძესთამ ერთად მონაწილეობს ოლ სტარ ბენდი აშშ-დან და ანსამბლი ბასიანი.
11 აგვისტოს, ქართულ ზაფხულს არენაზე გააგრძელებს ანსამბლ შვიდკაცას 20 წლის იუბილე. რეპერტუარი უკვე შედგენილია და მაყურებელს არაერთი სიურპრიზი ელოდება. ანსამბლი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება მაყურებლისთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერების გაორკესტრებული ვერსიებით. საღამოს სპეციალური სტუმარია რვა „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი თეიქ სიქსი, რომელიც საკუთარ კომპოზიციებთან ერთად ქართულ სიმღერასაც ამზადებს მსმენელისთვის. კონცერტი შვიდკაცას ძალიან საინტერესო სიურპრიზით გაიხსნება.