12 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“ დახურავს.
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე-მამალაძე, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე, ნუცა ზაქაიძე (სტაჟიორი), გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი).
„აბესალომ და ეთერის“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი (თეატრის მთავარი დირიჟორი), დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი.
სეზონის დახურვის შემდეგ თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მიემგზავრება ერთი თვით გასტროლებზე იტალიაში პუჩინის ცნობილ ფესტივალზე Torre del Lago და ტალიაკოცოს ფესტივალზე.
პუჩინის ფესტივალი ტორე დელ ლაგო – მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად ეძღვნება კომპოზიტორის შემოქმედებას. ის ყოველ ზაფხულს, ივლისსა და აგვისტოში სწორედ იმ ადგილას ტარდება, სადაც მაესტროს მთავარი ოპერები დაიწერა. თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი პუჩინის ფესტივალზე ტორე დელ ლაგო შეასრულებს მაესტროს შემდეგ ოპერებს: „მანონ ლესკო“, „ბოჰემა“, „ტოსკა“, „ტურანდოტი“. ხოლო ტალიაკოცოს ფესტივალზე თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი შეასრულებს ჩაიკოვსკის N4 და N6 სიმფონიებს, პაგანინის სავიოლინო კონცერტს, ბრამსის კონცერტს ვიოლინოსა და ჩელოსათვის, ბეთჰოვენის N6 სიმფონიას, ბეთჰოვენის N3 საფორტეპიანო კონცერტს, რახმანინოვის N2 საფორტეპიანო კონცერტს, დვორჟაკის სიმფონიას „ახალი სამყაროდან“.
ოპერის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გამორჩეული 166-ე სეზონი.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ინიციატივით თეატრმა დაიწყო ახალი პროექტი – ახალგაზრდა შემსრულებელთა გაცვლითი პროგრამა მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებთან. პირველი გაცვლითი პროგრამა განხორციელდა ბერლინის შტაატსოპერასთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბერლინის და თბილისის ოპერის თეატრის სტაჟიორებმა. მათ ჩაუტარდათ მასტერკლასები, ერთობლივი კონცერტები სტაჟიორებმა გამართეს როგორც თბილისის ოპერაში, ისე ბერლინის შტაატსოპერაში.
სარეპერტურო სპექტაკლებთან ერთად გაიმართა 4 საოპერო პრემიერა: ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ (სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – ლორან გერბერი (შვეიცარია/იტალია), სცენოგრაფი – მასიმო ბელანდო რანდონე (იტალია), კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი (ესპანეთი), დამდგმელი ქორეოგრაფი – ნინო ანანიაშვილი); პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“ (დამდგმელი რეჟისორი – ვიქტორ გარსია სიერა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფი – იტალო გრასის (იტალია); ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტი“ (დამდგმელი რეჟისორი – ალფონსო სინიორინი (იტალია), სცენოგრაფი – კარლა ტოლომეო (იტალია), კოსტიუმების მხატვრები: ფაუსტო პულიზი და ლეილა ფტეიტა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი); ჯუზეპე ვერდი „სიმონ ბოკანეგრა“ (სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – ალფონსო სინიორინი (იტალია), კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი (ესპანეთი).
ჩატარდა დაუვიწყარი კონცერტები სახელწოდებით – „ოპერა – ფანტაზია“, რომელსაც თანამედროვეობის უდიდესი მაესტრო დანიელ ორენი დირიჟორობდა. კონცერტებზე შესრულდა ფრაგმენტები მსოფლიო საოპერო შედევრებიდან თბილისის ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის მონაწილეობით.
დაარსდა ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი “OPERA CROWN”. კონკურსს საერთაშორისო ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საოპერო ვარსკვლავები და მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები.