მიხეილ ცაგარელის ახალი პოლიტიკური პროგნოზი: „წინ არცთუ მშვიდი პერიოდი გვაქვს…“

0
2093

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზი, რომელიც მან 2017 წლის დეკემბერში გააკეთა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ძალიან პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში. ახლახან მისი ეს ფრაზა გამოაქვეყნა ნანუკა ჟორჟოლიანმაც გამოაქვეყნა.

ცნობილ ასტროლოგს დავუკავშირდით ახალი პოლიტიკური პროგნოზების მოსასმენად. ის კვლავ აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში კვლავ მღელვარებაა მოსალოდნელი. ასევე ურჩევს, ზაფხულის განმავლობაში რბილი ტონი შეინარჩუნონ რუსეთთან მიმართებაში…

მიხეილ ცაგარელი:

საახალწლო პროგნოზების შედგენისას, 2017 წლის ბოლოს, არაერთ ჟურნალისტთან მქონდა ინტერვიუ და საგანგებოდ ვაცხადებდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საწინააღმდეგო არ მქონია პიროვნულად გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, პირიქით, მაგრამ მთავრობა, პრემიერი და „ქართული ოცნება“ 2018 წელს სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდა. ეს არის ქვეყნის განვითარების სამწლიანი ციკლის დასასრული, რომელიც დაიწყო თხის წელიწადმა, გააგრძელა მაიმუნის წელმა და დაასრულა მამლის წელიწადმა. საბოლოო შედეგებს ვიმკით ძაღლის წელიწადში, 2018 წელს. ამ სამწლიანი ციკლისას მთავრობამ უზარმაზარი შეცდომები, რის შესახებაც არაერთხელ გავაფრთხილე. პრემიერ-მინისტრი გვარწმუნებდა, რომ თურმე ეკონომიკურად წინ მივდიოდით და ყველაფერი იყო კარგად, ახლაც გვარწმუნებდა, რომ ეს გათვლილი იყო და უახლოეს წლებში დავინახავთ შედეგებს.  მე კი ვამბობდი, რომ სამომხმარებლო კალათა ცუდ მდგომარეობაში, ხელფასები საშინელია, ყოველი მეორე ჩემთან კონსულტაციაზე მოსული ადამიანიდან მეკითხება, რომელ ქვეყანაში გაიქცეს, რომ სამსახური იშოვოს… არნახული დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ. ამას ემატება ეკონომიკური სიდუხჭირე, სამსახურების პრობლემა, საუკეთესო ძალების ქვეყნიდან გადინება, უცხოელების შემოსვლა და ასე ვთქვათ, დემოგრაფიული შემოტევა. ამ დროს პრემიერი გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა. ამის საწინააღმდეგოდ გავილაშქრე და აღვნიშნე საგანგებოდ, რომ მასაც გაეგონა და „ქართული ოცნებიდან“ სხვებსაც, რომ 2018 წელს მიიღებდნენ ბევრ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვებოდა სოციალური მოვლენები, რომლებსაც დასჭირდებოდა დროული და მყისიერი ყურადღება, გამოსწორება, უსამართლობასთან ბრძოლა. რაც მთავარია, აღვნიშნე, რომ 2018 წელს მფარველი ანგელოზი, სელენა იქნებოდა კირჩხიბის ზოდიაქოში, რაც ნიშნავდა იმას, რომ წინ უნდა წამოწეულიყო ოჯახის ინტერესები. აქ იყო საჭირო ეროვნული ფასეულობების და ტრადიციების წინა პლანზე წარმოჩენა და გაძლიერება და არა სხვა სახის მოქმედებები და ყურადღების გადატანა ეკონომიკურ სფეროზე.

მთავრობამ არაფერი ამდაგვარი არ გააკეთა, უამრავი შეცდომა დაუშვა, მათ შორის კანონების მიღებისას და ამ მოვლენებმა იჩინა თავი.

ასევე გავაფრთხილე, რომ მარსის გადასვლა მერწყულის ზოდიაქოში დაძაბავდა მთავრობაში ურთიერთობებს რეფორმატორებსა და კონსერვატორებს შორის. ესეც მოხდა. ასევე ვახსენე, რომ მოულოდნელობების პლანეტა ურანი გადავიდა საფინანსო-საბანკო სისტემის ზოდიაქოში, კუროში, რაც გამოიწვევს სერიოზულ ცვლილებებს ფინანსურ ზონაში, ნოემბრამდე. მთელ მსოფლიოში შეიქმნება რადიკალური პრობლემები საფინანსო სფეროში. მით უმეტეს, დამატებითი პრობლემები შეექმნება საქართველოს მსგავს ქვეყნებს, სადაც არ ზრუნავენ ეროვნული ვალუტის გაძლიერებაზე და დროულად ვერ რეაგირებენ ფინანსური სიტუაციის შეცვლაზე. ასეთი სირთულეები ჩვენ კიდევ წინ გვაქვს. ესეც მთავრობის ნამუშევარია და ამის შედეგებსაც მოვიმკით.

ასევე მთავრობას ვაფრთხილებდი, რომ 2018 წელს ორი დიდი პლანეტა, იუპიტერი, სოციუმის და სატურნი, პოლიტიკოსების პლანეტები, გახდებოდა რეტროგრადული, ანუ უკან მოძრავი. ეს მიუთითებდა მთავრობას, რომ უნდა დაბრუნებულიყვნენ ძველ არასწორ გადაწყვეტილებებთან, მათ შორის საკადრო კუთხით და გამოესწორებინათ. მათ ყური არ შეიბერტყეს, დაარღვიეს კოსმიური კანონზომიერებები და გააგრძელეს ძველებურად, ამიტომაც ვთქვი, რომ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ხალხის გამოსვლები უსამართლობასა და სიდუხჭირესთან დაკავშირებით და შეიწირავდა მთავრობას პრემიერის ჩათვლით. თქვენ ამას დღეს ხედავთ და რომ გითხრათ, რომ წინ მშვიდი პერიოდი გაქვთ, არ ვიქნები სწორი.

როგორი პერიოდი გველოდება?

18 ივნისამდე პერიოდი რთულია, შემდეგ ივნისის ბოლომდე შედარებით დასტაბილურდება. ივლისში გველოდება ორი, მზის და მთავრის დაბნელება, რამაც იცის სიტუაციის ძალიან არევა, მით უმეტეს, თუკი არასწორ არჩევანს გააკეთებენ. როცა მთავრობას ჰყავს ბრწყინვალე მინისტრი, როგორიც არის კახა კახიშვილი და მას არ დანიშნავს პრემიერად და დანიშნავს ვიღაც ოდიზურ ფიგურას, რომელიც არანაკლებ შეცდომებს დაუშვებს, ვიდრე ყოფილი პრემიერი, რასაკვირველია, ამას მოჰყვება დამატებითი პრობლემები. ასე რომ, არჩევანს დიდი მნიშნელობა აქვს.

მინდა, ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე. მარსი შევიდა მერწყულის ზოდიაქოში, რომელიც განეკუთვნება რუსეთს. მარსი არის აგრესიის მმართველი პლანეტა. 6 აგვისტოს მას შეუერთდება შავი მთვარე, ანუ ლილიტი რუსეთის ზონაში. მერწყული, ანუ რუსეთი, უპირისპირდება ლომის ზოდიაქოს, ეს საქართველოა. მოდის სამი რვიანი – 2018 წლის 8 აგვისტო. ხომ არ გავიწყდებათ, რომ 2008 წლის ომის დროსაც სამი რვიანი დაჯდა?!.. მაშინაც ვაფრთხილებდი ხელისუფლებას. ახლაც ვაფრთხილებ, ზაფხულის თვეებში ძალიან ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან რუსეთის მისამართით. აუცილებელია კონტროლი როგორც საკუთარი ქმედებებისა და განცხადებების, ასევე ოპოზიციური პარტიების. რვიანი ძალიან მძიმე რიცხვია.

ანუ თქვენ ამბობთ, რომ ომის ალბათობა ისევ იქნება?

რა თქმა უნდა. ერთი არასწორი ნაბიჯი და შეიძლება, სერიოზული ნაპერწკალი გაღვივდეს.

მინდა გკითხოთ ივანიშვილის ფაქტორზე. ის დაბრუნდა პოლიტიკაში. თქვენ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მას 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. როგორ ფიქრობთ, მიიღო მან ეს გადაწყვეტილებები?

ივანიშვილმა დააგვიანა, დაწყებული პრემიერ-მინისტრის თემით, მინიმუმ ნახევარი წლით. მინისტრების თემა ცალკე სასწაულია… ივანიშვილი ადრე უნდა მოსულიყო პოლიტიკაში, სანამ პლანეტარული წყობა იყო კარგი და დროზე გაესწორებინა ყველაფერი. ახლა გაცილებით რთული იქნება მისთვის. მე საერთოდ არ ვურჩევდი ახლა პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ რადგან რუხი კარდინალია, მაინც აქვს შესაძლებლობა, ზედმეტი ემოციის გარეშე, მეტ-ნაკლებად სწორი გადაწყვეტილებები, თუმცა მხოლოდ 6 აგვისტომდე. როგორც კი მის ზოდიაქოში 6 აგვისტოდან შავი მთვარე შევა, ცხრა თვით, შეცდომების და სხვადასხვა სახის ცდუნების ტენდენცია რადიკალურად მოემატება. 6 აგვისტოდან წლის ბოლომდე უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. ჯობს, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც ახლა აუცილებელია, 6 აგვისტომდე!..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here