ნინი ბადურაშვილის შავ-თეთრი კლიპის პრემიერა შედგა (ფოტოგალერეა)

0
1788

ნინი ბადურაშვილის ახალი კლიპის სანახავად „ფაბრიკაში“ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. სანამ ლაშა ცერიაშვილის მიერ ნინის დაწერილ სიმღერაზე გადაღებული შავ-თეთრი ვიდეოს ჩვენება შედგებოდა, საღამოს მთავარი გმირის ქალიშვილი, ელენე, თავის დეიდაშვილთან ერთად დარბაზში დარბოდა, ბოლოს სცენაზე გადაინაცვლა და როცა ნინიმ პრეზენტაციის გასახსნელად მიკროფონი მოიმარჯვა, გარკვეულ ხანს სცენიდან ჩამოსვლა არაფრით უნდოდა. როგორც ჩანს, ელენე ძალიან ჰგავს დედას და ბავშვობიდანვე სიამოვნებს სცენაზე ან მის სიახლოვეს ყოფნა.

პრეზენტაციაზე ნინიმ კლიპზე მომუშავე ჯგუფი წარმოგვიდგინა, შემდეგ კი რამდენჯერმე მოგვეცა ვიდეოს ნახვის შესაძლებლობა. ყველა ჯერზე ნინი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

ნინი ბადურაშვილი:

ნამდვილად განსხვავებული კლიპია… სიმღერა ჩემია. უკვე რიგით მეორე კომპოზიციაა, რომელიც თავად დავწერე. იმედია,  სიმღერამ „მხოლოდ შენთვის“ როგორც გაამართლა, ისევე გაამართლებს ესეც.

ტექსტის ავტორი თემო საჯაიაა, არანჟირების – ბორიკო შხიანი. კლიპის რეჟისორია ლაშა ცერიაშვილი, რომელთანაც ხშირად მიმუშავია. ვფიქრობ, ჩვენი ტანდემი ძალიან კარგი გამოდის, რადგან ლაშამ იცის, რა მინდა, მისი გემოვნება და ხედვა მომწონს. რა თქმა უნდა, ლაშას უნდა გადაეღო ეს კლიპი. ოთხი დღე ვიღებდით, საკმაოდ რთულად გადასაღები იყო, მაგრამ ღირდა. ეს არის ჩემი პირველი შავ-თეთრი კლიპი. განსხვავებული კი ის იმითაა, რომ სხვანაირი მონტაჟი და გადაღებაა. ლაშამ თავიდან კონცეფცია რომ მანახა, ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს, ხალხსაც მოეწონება.

სალომე ღვინიაშვილი:

იცი, როგორი შეგრძნება მაქვს? ოჯახივით ვარ და მშობლები რომ ღელავენ, ასე ვღელავდი კლიპის პრეზენტაციისას. მე ნანახი მქონდა. ჩემი აზრით, ასეთი კლიპი საქართველოში არ ყოფილა. დიდი წარმატებაა, მინდა, ნინის მივულოცო და ვუსურვო, რომ არ გაჩერდეს. მინდა, ბევრი კლიპი გვაჩუქოს.

როგორც დიზაინერმა, შეგვიფასე მისი იმიჯი.

მეც ჩართული ვიყავი, ვიცოდი, რას და როგორ ეძებდა. დიდი კომპლიმენტი მინდა ვუთხრა ანუკა ქებურიას, ყველაფერი არაჩვეულებრივია.

ეკა კახიანი:

არა იმიტომ, რომ ნინის კლიპია, მართლა მომწონს. ასევე მომწონს სიმღერაც. ბედნიერებაა, როცა შეგიძლია დაწერო და შეასრულო სიმღერა, რადგან ყველაზე კარგად შენ გრძნობ, როგორ უნდა შესრულდეს.

ადრე ყოველთვის ჩართული ვიყავი ნინის კლიპების გადაღებაში, ახლა ისე აღარ ვარ, დიდი ხანია, მაგრამ სიმღერას ყოველთვის პირველს მე მასმენინებს, ჩაწერაზე მივდივარ. ერთმანეთის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთმანეთის გარეშე არ გამოდის (იღიმის).

მაკა ზამბახიძე:

ჩემი და ნინის მეგობრობის ამბავი ყველამ კარგად იცის, ამიტომ სიმღერა აქამდეც მქონდა მოსმენილი. ძალიან გავოცდი და აღფრთოვანებული ვარ კლიპით, სადაც ისეთი რაღაცები მოხდა და ისეთი სხვა ხედვა დავინახე, რაც სხვა ვიდერგოლებში არ მინახავს. ნინი ყოველთვის გამორჩეულია და კიდევ ერთი ახალი და საინტერესო კლიპი შეემატა მის არქივს. ნინი, გილოცავ, მიყვარხარ და წარმატებები!..

სოფო ნიჟარაძე:

ძალიან მომეწონა კლიპი. ვფიქრობ, რომ ლაშა ცერიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო კლიპმეიკერია საქართველოში. ბევრი „ფიშკა“ შემოიტანა, დაჩხაპნილი სახეები და გრაფიკული ნამუშევარი. არის დასამახსოვრებელი სიმღერა, დასავლური გავლენის ქვეშ, მაგრამ არის მაინც ქართული და თანამედროვე. ახლა ძალიან აქტუალურია ქართული სიმღერა და მიხარია, რომ ახალი სიმღერები და ტექსტები იწერება.

გადავიდეთ ყველაზე მთავარზე – ნინი არის ძალიან ლამაზი, ძალიან უხდება ასეთი სტილის სიმღერები მის ღრმა ხმასა და ლამაზ ტემბრს, ძალიან ორგანულია ყველაფერი ერთმანეთთან, მაღალი ხარისხის კლიპი ვნახეთ…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here