ქრისტინე იმედაძემ მცირე ხანია, რაც საკუთარი სამოსის ბრენდი „სამი“ შექმნა. ის კოლექციებს აკეთებს როგორც ქალებისთვის, ასევე პატარა გოგონებისთვისაც. ქრისტინე ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოსესიებს, სადაც მისი ნამუშევრებია გამოსახული.
მომღერალმა ახალხან გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, სადაც გადაღებულია მისი ვარდისფერი და შავი როლინგები, რომლებიც ქრისტინეს ერთ-ერთ კოლექციაში შედის, და ასევე, იმავე ფაქტურისა და ფერის როლინგები, რომლებიც მამაკაცების კოლექციაში „ბალენსიაგას“ აქვს. შეგახსენებთ, რომ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახლავთ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიან დიზაინერად მიიჩნევა და შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციებსაც კი კარნახობს.
ქრისტინე წერს, რომ დემნა გვასალიამ მისი მსგავსი როლინგები გამოიტანა პოდიუმზე. მომღერალი აღნიშნავს:
„SAMI vs BALENCIAGA. მამაკაცებო, რა ვიცი, აბა. ესეც ჯერ ჩვენი იყო…“
ქრისტინეს სტატუსს ია ფარულავა გამოეხმაურა და დაწერა: „მოგპარა ხომ იდეები მეგრელმა აფერისტმა“?, რაზეც მომღერალმა და დიზაინერმა უპასუხა, რომ არა მხოლოდ დემნა გვასალიამ, არამედ ცნობილმა ბრენდმა „მონკლერმაც“ მოპარა დუტის ქურთუკის ახლებური დიზაინის იდეა და შესაბამისი ფოტოკოლაჟიც გამოაქვეყნა.