სალომე ბაკურაძე რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდა, სადაც თავისი ახალი სასიყვარულო სიმღერა წარადგინა სახელწოდებით „ეს სიმღერა“. მელოდიაც და ტექსტიც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. სალომემ fortuna.ge-სთან სიმღერის შესახებ ილაპარაკა და გვითხრა, რატომ არ გამოაჩინა აქამდე კომპოზიცია, რომელიც მის მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს ეძღვნება.
სალომე ბაკურაძე:
სექტემბერში ეს სიმღერა უკვე მზად იყო და ჩემს მანქანაში ჰიტია, მაგრამ საჯაროდ აქამდე არ გამომიფენია. ვფიქრობდი ფორმაზე, რომლითაც ის მსმენელისთვის უნდა მიმეწოდებინა, მაგალითად, ვიდეორგოლის სახით. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჯერ რადიოში მოვიტანე. მოსინჯავ ბაზარს, მსმენელის რეაქციას და შემდეგ შეგიძლია, კლიპიც გადაიღო, რადგან ის სიმღერას პოპულარობის მოპოვებაში ეხმარება. მაინც კარგია, როცა იქამდე ისმენ აზრს სიმღერასთან დაკავშირებით. ასე რომ, დღეს, ვალენტინობის დღესასწაულზე, მისი რადიოპრემიერა „ფორტუნაში“ შედგა.
სიმღერის ტექსტიც და მელოდიაც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. როგორც კი დაწერა, დამირეკა და მითხრა, რომ ახალი სიმღერა დავწერე შენზე და ლაშიკოზეო. ისე გამიხარდა, როცა მაიკოს ეს მელოდია მოვისმინე… შემდეგ მას ბორიკო შხიანმა სხვა ფორმა და ცოტა ხასიათიც კი შესძინა არანჟირებით.
ლაშას მოეწონა?
ჯერ კიდევ მაიკოს ნამღერი მოვასმენინე და გულაჩუყებული იყო. თქვა, რომ პირველ რიგში, მაიკოს მადლობელია ამ საჩუქრისთვის, ასევე ჩემიც (იღიმის). რა თქმა უნდა, დასრულებულია ვერსია ძალიან მოეწონა. ზოგჯერ ვრთავთ მანქანაში და ჩვენს მეგობრებს ვასმენინებთ.
ვიდეორგოლის გადაღებას როდის ფიქრობ?
იქნება კიდევ საინტერესო თარიღები და კლიპის პრემიერას სწორედ ასეთ თარიღს დავამთხვევ. ვალენტინობას გამოვაჩინე ეს სიმღერა და ლაშიკოს მივუძღვენი. დავუწერე, შენი საჩუქარი FM 106.9-ზე მოისმინე-მეთქი (იღიმის).
ლაშას გადაიღებ კლიპში?
ალბათ, ეს რეჟისორის ხედვაზეა დამოკიდებული. ამაზე არ მიფიქრია, რომ ჩვენი მონაწილებით უნდა იყოს…
გაქვს კიდევ ახალი სიმღერა?
კი, ის ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ტექსტი – თემო საჯაიას, საზაფხულოა და მასზეც ვფიქრობ კლიპის გადაღებას. ეს სიმღერაც ადრე ჩავწერე, ზაფხულში. მის ჩაწერაში დათო ფორჩხიძე დამეხმარა, მან დაწერა ასევე ერთი კუპლეტი, მელოდიითა და ტექსტით, რომელიც ბორიკოს სიმღერას „მივადგით“, ასე ვთქვათ. სიმღერა მხოლოდ ჩაწერილია, ბოლომდე გაკეთებული არ არის და აღარც დავაჩქარე, რადგან საზაფხულოდ მინდა გამოვიდეს.
ძალიან აქტიური ხარ ბოლო დროს…
ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი გამოჩნდა, ჟურნალისტებიც ინტერესდებიან, მეტ-ნაკლებად კონცერტებიც არის. ასე რომ, როცა რაღაც მოთხოვნადია, უფრო მეტად აკეთებ, თორემ მე 12 წელია, ბენდთან ერთად კლუბებში, სხვადასხვა ადგილას გამოვდივარ. ჩემი ჰობიც და პროფესიაც ეს არის და შემოსავლის წყაროც. შესაძლოა, უფრო მეტად აშუქებს მედია და უფრო ჩანს ეს აქტიურობაც.
შენი და ნოდიკოს კლიპი „იუთუბზე“ ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ელოდებოდი ასეთ შედეგს?
მართლა არ ველოდებოდი ამხელა შედეგს. თემატიკა ისეთია, ყველას გულზე რომ მოხვდება, არ არის გამოგონილი, გონების დასაძაბი. ვფიქრობდი, რომ მასიური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ მასშტაბზე არ მიფიქრია. ჩემ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ღმერთის საჩუქრად აღვიქვამ, ვაბრალებ სხვა ადამიანებს, სულ ვკითხულობ: „ვა, ეს ამბავი ჩემს თავს ხდება?!“. თუკი ვინმე კონცერტზე დამიძახებს, სულ ვეძებ ადამიანს, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადო. ალბათ, მაკლია ამბიციები, ამიტომ არ ველოდი, ასე რომ გადაირეოდნენ. არავინ შემხვედრია, ვინც დადებითი ემოცია არ გამოხატა ამ სიმღერისა და კლიპის მიმართ. ხომ გააჩნია, როგორ პოპულარობას მოიპოვებს სიმღერა?.. ჩემამდე ვიღაცის უარყოფითი შეხედულება და ნათქვამი არ მოსულა. ყველას ძალიან დიდი მადლობა (იღიმის).
ნინო მურღულია