„იარტ გალერეაში“ 90-იანელი მხატვრის მამუკა ცუცქრირიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

0
1797

„იარტ გალერეა“ ფერმწერის, მოქანდაკისა და ხატმწერის მამუკა ცუცქირიძის  გამოფენას უმასპინძლებს. ეს შემოქმედის პირველი პერსონალური გამოფენა იქნება საქართველოში.

მამუკა ცუცქირიძე „90-იანელია“. მიღებული აქვს პროფესიული განათლება როგორც საქართველოში, ისე ფილადელფიაში (აშშ). სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და კონკურსებში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

მუშაობს დაზგური ფერწერის, დაზგური გრაფიკის და  ქანდაკების მიმართულებით. შესრულებული აქვს „ვარძიის“, „ატენის სიონის“ „უბისის“ ფრესკების ასლები. აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა დღემდე. დაფუძნებული აქვს საკუთარი სამხატვრო სტუდია „ფრესკა“, სადაც აკადემიურ სწავლებას 100-მდე მოზარდი გადის.

პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა „იარტ გალერეაში“   30 ნოემბერს 18:00 სთ-ზე გაიხსნება  და 12 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.

 

ბიოგრაფია

მხატვარი მამუკა ცუცქირიძე დაიბადა თბილისში 1969 წელს 30 აგვისტოს.

1994 წელს დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემია.

1992/94 წწ სწავლობდა ფილადელფიის სამხატვრო აკადემიაში.

სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და კონკურსებში:

1991 წელს ჯგუფური გამოფენა „ქართული საეკლესიო მხატვრობა“ – მხატვრის სახლი;

1993/94 წლებში გაიმარჯვა 2 კონკურსში – საუკეთესო „პორტრეტი“  და საუკეთესო „ფიგურა“;

1994/95 წლებში მონაწილეობს ფილადელფიის,  ვაშინგტონისა და  ბოსტონის გამოფენებში  -კერძო გალერეებში;

1997 წელს ჯგუფური გამოფენა ქანდაკება – „პორტრეტი“ – გალერეა “TMS”-ში;

1998/99 წწ ჯგუფური საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები;

2002/2012 წწ  მონაწილეობს  მხატვართა კავშირის,  გალერეების „ვანდა“, „შარდენი“ ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმების, ასევე გოეთეს ინსტიტუტის მიერ მოწყობილ  ჯგუფურ გამოფენებში;

2016 წელს მონაწილეობდა სხვადასხვა თაობის ცნობილ ქართველ მხატვართა „გამოფენა-აუქციონში“, როგორც 90–იანელთა წარმომადგენელი;

აქტიურად მუშაობს ხატწერაზე – შესრულებული აქვს „ვარძიის“ „ატენის სიონის“ „უბისის“ ფრესკების ასლები;

მამუკა ცუცქირიძე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა დღემდე:

1998/2006 წლებში ასწავლიდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემიაში.

2005/06 წლებში მუშაობდა ამავე აკადემიაში, ხატვის დეპარტამენტის ხემძღვანელად. ამავე

წლებში, მისი ხელმძღვანელობით მოეწყო არაერთი „ვორქშოპი“, „მასტერკლასი“ დაგამოფენა;

2015 წელს დააფუძნა ლევან ცუცქირიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა სამხატვრო სტუდია „ფრესკა“  და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

მამუკა ცუცქირიძე აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ნამუშევარი, დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here